ინვესტიციების შემოდინება-გადინების საკითხი არის პირდაპირპროპორციულად პოლიტიკურ კრიზისზე დამოკიდებული, - ამის შესახებ რეპუტაციის მართვის კომპანია “მაინდერის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი კალატოზიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ხელახალი არჩევნები, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს, არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში წარმოუდგენელია. ვინაიდან, როდესაც ნდობა დაბალია, არჩევნებზე მისულთა რაოდენობა მინიმალური იქნება.
„ხელისუფლებას საზოგადოებასთან სწორი, გამართული ურთიერთობა აკლია. თავიდან კარგად დაიწყეს, მაგრამ დღეს არის ძალიან მწვავე კრიზისი. ყველაფერი, რასაც ეს კრიზისი ურტყამს, არის ნდობა. ხელახალი არჩევნები კონკრეტულად ამ ხელახალი ცენტრალური კომისიის საარჩევნო პირობებში არის წარმოუდგენელი. თუ კონკრეტულ ორგანოს არ ენდობა ხალხი, ბუნებრივია არჩევნებზე მიმსვლელთა რიცხვი მინიმალური იქნება.
ყველაფერი არის ნდობა. ბიზნესს და ფულს არ უყვარს არასტაბილური გარემო და არ ჩერდება არასტაბილურ გარემოში. ინვესტიციების შემოდინება-გადინების საკითხი არის პირდაპირპროპორციულად დამოკიდებული იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომლის შედეგიც უფრო გრძელვადიანია, ვიდრე იგივე სტიქიური უბედურების. ერთია შედეგი, რომელსაც ვიღებთ და მეორე არის გავლენა, რომელსაც კრიზისი პროცესებზე ავლენს“, - აცხადებს კალატოზიშვილი.