„ბიზნესს მოუწევს იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს", - ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორმა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტთან დაკავშირებით დარგის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ გააკეთა.
მან განმარტა, რომ სახელმწიფომ არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს სექტორი საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის მქონეა.
„ეს კანონპროექტი არ არის მიმართული სექტორისთვის. არც ეკონომიკური ნაწილია მამოტივირებელი ძალა ამ კანონპროექტის შემუშავების. ამ კანონპროექტის შემუშავების გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, რადგან საზოგადოება, რომელიც განიცდის იმ პრობლემას, რომელსაც ლუდომანია ჰქვია და ეს მეტად დიდი გამოწვევაა, ვიდრე ის ნაწილი, რასაც ჰქვია სპორტის დაფინანსების ან დასაქმების ნაწილი. ვინაიდან სახელმწიფომ კარგად შეაფასა რომელი მხრიდან მეტია მიღებული სარგებელი და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა პოლიტიკური და არა ეკონომიკური გადაწყვეტილება; აქედან გამომდინარე, თქვენი კითხვები არ შეესაბამება კანონპროექტის მიზანს. კანონპროექტის მიზანი ის გაუბედურებული ოჯახები და მძიმე საზოგადოებრივი ფონია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, შესაბამისად, გარემოებიდან გამომდინარე ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარება დამოკიდებულება და საზოგადოების მოწყვლა ამ გამოწვევასთან მიმართებით განსხვავებული და განხილვაც განსხვავებული უნდა იყოს. თქვენ ვერ მოგეწონებათ ეს კანონპროექტი და ბიზნესს მოუწევს იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. ეს მოცემულობაა და აქედან უნდა გამოვიდეთ, რადგან ეს ემსახურება საზოგადოების ინტერესებს.
კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია არც გამჭირვალეობა, არც ინვესტორების მოგების მიღება, პირდაპირ გეტყვით ინვესტორი იმისთვის დებს ფულს, რომ მოგება მიიღოს, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გააჩნია პრიორიტეტული სექტორები და გააჩნია სექტორები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს აზიანებს და სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღოს. ეკონომიკურ გათვლებთან მიმართებით, რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ბიუჯეტს მეტად დააკლდება თუ ნაკლებად, ეს მეორე ხარისხოვანია. თუ შევამჩნიეთ რომ ეს კანონპროექტი ვერ არეგულირებს და ვერ ემსახურება მის მიზანს, მისი შემდგომი განვითარება აუცილებლად მოხდება. ზუსტად მესმის სექტორის წუხილი, რადგან ეს საკმაოდ ზღუდავს სექტორს, ეს არის ის პასუხები, რომელიც ადეკვატურად პასუხობს გამოწვევას“, - განმარტა დავით სონღულაშვილმა.
დარგობრივმა კომიტეტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა




























