მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის

საზოგადოებრივი მაუწყებელი შენობა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილება შედის. საკითხზე დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

დოკუმენტი განსახილველად კომიტეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

ცვლილების თანახმად, წესრიგდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა თანამდებობაზე გამწესებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონს ემატება კომისიის წევრის შერჩევის პრინციპები. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მთავრობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იქმნება სათანადო შესარჩევი კომისია, რომელიც მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით დაკომპლექტდება. კომისია გადაარჩევს განაცხადებს და გასაუბრებას მართავს ყველა იმ კანდიდატთან, ვინც კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამის შემდეგ საკონკურსო კომისია რეკომენდაციას შესაბამის კანდიდატებთან დაკავშირებით მთავრობას წარუდგენს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი ითვალისწინებს კომისიის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურებს. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა: „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში“.

მიჩნეულია, რომ აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მეტისმეტად მკაცრია. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შედის ცვლილება და კომისიის წევრთა დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით განისაზღვრება, რომ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი არსებობს „კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“ ამავე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. აღნიშნულ პროცედურას ემატება წესი, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ის კომისიის წევრი რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, აღიჭურვება უფლებით წერილობით ან/და ზეპირად მიაწოდოს საკუთარი პოზიცია პარლამენტს“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ისკო დასენი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები