მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბიზნესთან კომუნიკაციისას, აღმოჩნდა რიგი პროცედურული პრობლემები, რომლის გასწორებაც ხდება” – მორიგი ცვლილებები “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში

ბერეკაშვილი

პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის“ შესახებ კანონში მორიგი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ 1 თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებების შეტანა მთელი რიგი პროცედურული პრობლემების გასწორების გამო ხორციელდება, რომელიც ბიზნესთან კომუნიკაციაში გამოიკვეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევთ სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულ პირებს. ამასთან, კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.

“დამატებითი საკითხები იყო იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ პროცესი. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ ბიზნესს შევუწყოთ ხელი, რომ შეძლოს საქართველოში დოვლათის შექმნა და ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანოს და მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა შრომითი ბაზარი იყოს დაბალანსებული და არ გვქონდეს მიწოდებასა და მოთხოვნას შორის აცდენა.

ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები წყდებოდეს სწრაფად, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესისთვის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ცვლილებები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ იმ ნაწილში, სადაც გამოხატულია შრომითი რესურსის დეფიციტი, პროცესები დაჩქარდეს და გამონაკლისები დავუშვათ ამ მიმართულებით, რომ ბიზნესის ფუნქციონირება იყოს უწყვეტი. ხოლო მეორე მხრივ, იმ ნაწილში, სადაც მიწოდება გადაჭარბებულია, დავიცვათ ადგილობრივი შრომითი რესურსი. ამისკენ არის მიმართული სწორედ ეს დამატებითი ცვლილებები.

მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება, რომელიც ქვეყანაში დოვლათის შექმნაა. სწორედ ბიზნესიდან კომუნიკაციაში აღმოჩნდა რიგი პროცედურული პრობლემები, რომლის გასწორებაც ხდება და ეს ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია”, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

"შრომითი მიგრაციის" კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, იმ პირების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, რომლებიც ვალდებულები არიან საქართველოში მუშაობისთვის 1 მარტიდან შრომითი ნებართვა აიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები