მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესთან მოვძებნით შეხების წერტილებს, რომ ფასები „ლოგიკურ ზღვრამდე“ დავიდეს - მათიკაშვილი

მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ფასების საკითხი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა და პროდუქტებზე ფასნამატის შესამცირებლად ხელისუფლება ბიზნესთან ერთად შეეცდება „შეხების წერტილების“ პოვნას.

როგორც მათიკაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწავლის ფასების წარმოქმნის ჯაჭვს და იმ „ალოგიკურ ფასნამატებს“, რაც დღეს ბაზარზე არსებობს.

"ფასების საკითხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც მართლაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია და ვალდებულება იყოს ადეკვატური იმ მოცემულობასთან და გამოწვევასთან მიმართებით, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ კუთხით ჩვენ ასევე საზოგადოებას განვუცხადეთ, რომ პარლამენტშიც შეიქმნება კომისია, რომელიც ფართოდ გააშუქებდა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემატიკას; პროცესი სრულად წარიმართებოდა იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, იქ სადაც სივრცეა და ამის სივრცე, როგორც ჩანს, არსებობს, მოხდეს ფასების დარეგულირება, დაწევა იმ ადეკვატურ, ლოგიკურ ზღვრამდე, ისე რომ, არც ბიზნესისთვის იყოს ბიზნესსაქმიანობა წაგებიანი. ამავდროულად ჩვენს საზოგადოებაზე, თითოეულ მოქალაქეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად ის ფასნამატი, რომლის წარმოქმნის ჯაჭვის შესწავლასაც ის კომისია მოემსახურება, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე შევქმნით. მოხდება ალოგიკური, რაც ასე ჩანს, 86%-იანი ფასნამატის გარკვევა, რატომ არის ეს ამ მასშტაბის.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნესი და ხელისუფლება აუცილებლად მოძებნის იმ შეხების წერტილებს, სადაც ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ და ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო და სასიკეთო გადაწყვეტილებებს მივიღებთ, როგორც სასურსათო ფასებთან, ასევე მედიკამენტების და საწვავის ფასებთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა bm.ge-სთან.

ის, რომ "ფასების საპარლამენტო კომისიას" შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს BM.GE-ს თავად ბერეკაშვილმა დაუდასტურა. კომისიაში პოლიტიკური ჯგუფების კვოტებიც, დაახლოებით, გადანაწილებულია, ხოლო ის, რომელი პარლამენტარებით დაკომპლექტდება, მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები