საქართველოს კომერციულ ბანკებს 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით 60.5 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი აქვთ ეკონომიკაზე გაცემული. ბანკების მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ამ სესხებიდან 90 დღეზე მეტად, ანუ 3 თვეზე მეტად ვადაგადაცილებულია 1 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია. ქართული საბანკო სისტემა წლებია ვადაგადაცილებული კრედიტების დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, თუმცა კრედიტების კონკრეტული სახეობების მიხედვით, ვადაგადაცილების მაჩვენებლები უფრო მაღალია.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება ფიქსირდება რესტორნების, ბარების, კაფეებისა და სწრაფი კვების ობიექტების დასაფინანსებლად გაცემულ კრედიტებში. სულ ამ კატეგორიის სესხების მოცულობაა 824 მილიონი ლარი, საიდანაც 4.3% ვადაგადაცილებულია. მეორე ადგილს იკავებს ექსპორტის დასაფინანსებლად გაცემული კრედიტები, რომელთა პორტფელის 697 მილიონი ლარია, ამ თანხიდან 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია 3.54%.
კორპორატიულ სექტორზე, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული კრედიტების მოცულობაა 38.7 მილიარდი ლარი, საიდანაც 2% არის ვადაგადაცილებული
| კრედიტის კატეგორია | საკრედიტო პორტფელის ზომა ლარებში (მლნ ლარი) | 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილების წილი |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 824 | 4.30% |
| ექსპორტიორები | 697 | 3.54% |
| სხვა | 324 | 3.37% |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 993 | 3.23% |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | 3324 | 3.01% |
| ვაჭრობა (სხვა) | 2139 | 2.96% |
| სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 1975 | 2.68% |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | 3719 | 2.56% |
| ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 486 | 2.48% |
| სასტუმროები და ტურიზმი | 3182 | 2.43% |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | 3093 | 1.89% |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1759 | 1.88% |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2144 | 1.77% |
| სერვისი | 3401 | 1.69% |
| ჯანდაცვა | 1327 | 1.69% |
| წარმოება (სხვა) | 776 | 1.67% |
| ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 602 | 1.45% |
| მძიმე მრეწველობა | 937 | 1.45% |
| ფარმაცევტიკა | 171 | 0.70% |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 657 | 0.69% |
| სახელმწიფო ორგანიზაციები | 81 | 0.27% |
| საფინანსო ინსტიტუტები | 781 | 0.23% |
| ავტომობილების დილერები | 243 | 0.21% |
| ენერგეტიკა | 2384 | 0.15% |
| საბითუმო ლომბარდი | 211 | 0.14% |
| ტელეკომუნიკაცია | 242 | 0.02% |
| ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 46 | 0.00% |




























