მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Block Energy-მ, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე მუშაობს, CO₂-ის მინერალიზაციის პროექტი განახორციელა

3434

კომპანია Block Energy, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე მუშაობს, აცხადებს, რომ წარმატებით დაასრულა CO₂-ის (ნახშირორჟანგის) საწყისი ინექცია ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტის ფარგლებში. კომპანიამ შესაბამისი ინფორმაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

პროექტი გულისხმობს CO₂-ის ინექციას მიწის ქვეშ, კომპანიის სალიცენზიო ბლოკში არსებულ ამოწურულ რეზერვუარებში, მყარ ქანად გადაქცევის მიზნით, რაც წარმოადგენს გრძელვადიან გადაწყვეტას ემისიების შესამცირებლად.

სატესტო პროცესი პატარძეულში, კახეთის რეგიონში განხორციელდა და როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამ ტიპის პირველი წარმატებული საპილოტე ტესტირებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის უფრო ფართო რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ Block Energy-მ CO₂-ის მინერალიზაციის საპილოტე პროექტი „რუსთავის აზოტი ინდორამას” მხარდაჭერით განახორციელა.

"მოხარული ვართ, რომ საკუთარი ფინანსური რესურსებით განვახორციელეთ რეგიონში პირველი წარმატებული CO₂-ის მინერალიზაციის საპილოტე პროექტი. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Block Energy-სთვის, საქართველოსთვის და ჩვენი საპილოტე პროექტის პარტნიორისთვის, Indorama-სთვის, რადგან ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ მასშტაბური, დაბალხარჯიანი ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტის სიცოცხლისუნარიანობა. ეს საპილოტე ინექცია გზას უხსნის კომერციულ ჩართულობას ინდუსტრიულ პარტნიორებთან და ნახშირბადის ბაზრებთან და ახლა ჩვენ მოუთმენლად ველით ამ წარმატების გაგრძელებას",- აცხადებს Block Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლ ჰეივუდი.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, წარმატებული ინექციის შემდეგ, სავარაუდოდ, 4-6 თვე დასჭირდება იმის დადგენას, რომ წარმატებით მოხდა CO₂-ის მინერალიზაცია და შესაბამისად, მოხდება პროექტის შემდეგ ეტაპებზე გადასვლა. Block Energy პროექტის კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე უკვე მუშაობს.

ცნობისთვის, პოლ ჰეივუდმა ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტის შესახებ გასულ წელს BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიის CEO პროექტის სტრატეგიულობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები