მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Block Energy-ის მიმდინარე პროექტები და გეგმები?

ბლოკ ენერჯი

Block Energy-ის, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე მუშაობს, 5 ძირითადი პროექტი აქვს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ჰეივუდმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, მიმდინარე ეტაპზე კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი გაზის პროექტის განსავითარებლად პარტნიორის მოძიებაა. ეს ეხება პროექტ III-ს, რომელიც პოლ ჰეივუდის თქმით, მრავალი ტრილიონი კუბური ფუტის გაზის პროექტია. მოსალოდნელია, რომ პირველი ფაზის ფარგლებში წარმოება 150 მილიონ კუბურ ფუტამდე გაიზრდება დღეში, დაახლოებით 50-60 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის შემდეგ.

ამასთან, კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი და უახლოესი პერიოდის გეგმა ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტს უკავშირდება.

„პროექტი I, რომელიც ძირითადად მიმდინარე ნავთობის და გაზის მოპოვებას მოიცავს, სტაბილურად ვითარდება, კომპანიის ხარჯებს ფარავს და საშუალებას გვაძლევს თავისუფალი ფინანსური რესურსი სტრატეგიული პროექტების განვითარებისკენ მივმართოთ. პროექტ II-ის შემთხვევაში მუშავდება შეფასების და განვითარების გეგმა. პროექტ III-ზე პარტნიორის მოძიების პროცესში ვართ, რაც გარკვეულ ტემპს იკრებს. პროექტ IV-ში ამჟამად Block Energy-ის ინტერესი პასიურია. ის მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი განვითარება ხდება ნავთობისა და გაზის ადგილობრივი კომპანიის მიერ. ამასთან, ჩვენ გვაქვს ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტი, რომელიც ჩვენთვის სტრატეგიულია და დიდ დაინტერესებას იწვევს, როგორც ჩვენი ინჟინრების გუნდის და კონტრაქტორების მხრიდან, ასევე გარედან, კონსულტანტებისგან, რომლებიც გვეხმარებიან გაზომვებში და პროცესის მონიტორინგში, რათა წინ წავიწიოთ და დავიწყოთ პირველი საპილოტე კვლევა. ეს იქნება ნახშირბადის ინექციები ჩვენს ზოგიერთ ამოწურულ რეზერვუარში. პროექტი განსაზღვრა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ამოწმებს ჩვენს ზოგიერთ ამოწურულ რეზერვუარს XIB და XIF სალიცენზიო ბლოკებში. განისაზღვრა, რომ გვაქვს დაახლოებით 140 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირბადის შენახვის შესაძლებლობა რეზერვუარში, რომელიც 70-იანი წლებიდან მუშავდებოდა. რეზერვუარის მახასიათებლები საშუალებას გვაძლევს, რომ ნახშირბადი გარდავქმნათ კირქვად 12-თვიან პერიოდში. საკმაოდ უნიკალური პროცესია ქანის გეოლოგიური შემადგენლობიდან გამომდინარე, რომელშიც ნახშირბადის შეყვანას ვაპირებთ. ეს პროექტი მდებარეობს რუსთავის ინდუსტრიულ ცენტრთან, სადაც ხდება საკმაო რაოდენობის ნახშირბადის ემისია ატმოსფეროში. ამჟამად კვლევებს ვატარებთ. იმედი გვაქვს, რომ პილოტის განვითარებას წელს შევძლებთ“,- აღნიშნა პოლ ჰეივუდმა.

კომპანია Block Energy, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე 2018 წლიდან მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები