Block Energy-ის აღმასრულებელი დირექტორის, პოლ ჰეივუდის შეფასებით, საქართველო რჩება უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად და ინტერესის საგნად. ამის შესახებ პოლ ჰეივუდმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, როგორ აფასებს “რუსული კანონის” მიღების ფონზე განვითარებულ მოვლენებს და ელის თუ არა ნეგატიურ გავლენას საქმიანობაზე ან საინვესტიციო გეგმებზე, პოლ ჰეივუდი აღნიშნავს, რომ კომპანია საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
“ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ბიზნესზე. რა თქმა უნდა, ახლოს ვადევნებთ თვალს პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ ნახშირწყალბადების წარმოებას, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და წვლილის შეტანას საქართველოს ენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაში.
მსგავსი პოზიცია მხოლოდ Block Energy-ის არ აქვს. საქართველოს მასშტაბით არის მნიშვნელოვანი კონტრაქტები უცხოური ინვესტიციებით. ვფიქრობ, საქართველო რჩება შესანიშნავ ადგილად ბიზნესის კეთებისთვის და შესადარ ქვეყნებს შორის კვლავ გამორჩეულია მარტივი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით”,- ამბობს პოლ ჰეივუდი.
კომპანია Block Energy საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე 2018 წლიდან მუშაობს.