ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, IBM-მა მესამე კვარტალში ანალიტიკოსების საპროგნოზო მაჩვენებლებს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალი წლიურად 5%-ით გაიზარდა და $17.1 მილიარდი შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის მიერ მოსალოდნელ $16.82 მილიარდს აღემატება.
თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $1.74 მილიარდის სუფთა მოგება მიიღო, ამჯერად მონაცემმა $2.19 მილიარდი შეადგინა. გაუმჯობესდა ერთი აქციის კორექტირებული მოგების მაჩვენებელიც, რომელმაც $2.95 შეადგინა და ნავარაუდევ $2.86-ს გადააჭარბა.
როგორც ირკვევა, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, კერძოდ $7.80 მილიარდი პროგრამული უზრუნველყოფის სეგმენტმა დააგენერირა, რაც წლიურად 8%-იან ზრდას ნიშნავს. საკონსულტაციო მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა $5.34 მილიარდი შეადგინა, ინფრასტრუქტურის სეგმენტმა კი 4%-იანი ზრდის შემდეგ $3.70 მილიარდს მიაღწია.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, IBM-მა 2026 წლისთვის თავისუფალი ფულადი ნაკადის ნავარაუდევი ზრდა $1 მილიარდამდე გაზარდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მენეჯმენტი წლიური შემოსავლების 4%-დან 5%-მდე ზრდის პროგნოზს უცვლელად ინარჩუნებს.
























