კომპანია Block Energy, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე მუშაობს, მიმდინარე ეტაპზე ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტზე, ასევე ბუნებრივი აირის პროექტის განსავითარებლად პარტნიორის მოძიებაზეა ფოკუსირებული. კომპანია პერსპექტიულად უყურებს Georgia Oil and Gas-თან თანამშრომლობასაც, რაც სალიცენზიო არეალების გაერთიანებას გულისხმობს, არსებულ ბიზნესგარემოს კი დადებითად აფასებს. BMG-ის კითხვებს Block energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ჰეივუდმა უპასუხა.
6 წელზე მეტია Block Energy საქართველოში ოპერირებს. საინტერესოა, როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. "რუსული კანონის" მიღებამ საკმაოდ ტურბულენტური გარემო შეიქმნა. რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე?
ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ბიზნესზე. რა თქმა უნდა, ახლოს ვადევნებთ თვალს პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ ნახშირწყალბადების წარმოებას, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და წვლილის შეტანას საქართველოს ენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაში.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე არ ელით სამომავლოდ რაიმე ტიპის ნეგატიურ გავლენას თქვენს საქმიანობასა და საინვესტიციო გეგმებზე?
არა, ასე არ ვფიქრობთ. მსგავსი პოზიცია მხოლოდ Block Energy-ის არ აქვს. საქართველოს მასშტაბით არის მნიშვნელოვანი კონტრაქტები უცხოური ინვესტიციებით. ვფიქრობ, საქართველო რჩება შესანიშნავ ადგილად ბიზნესის კეთებისთვის და შესადარ ქვეყნებს შორის კვლავ გამორჩეულია მარტივი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
როგორი იყო 2023 და მიმდინარე წელი კომპანიისთვის, რამდენი ინვესტიცია განახორციელეთ, რამდენი გაზი და ნავთობი მოიპოვეთ?
2023 წელი იყო არსებითად გადასვლის იმაზე, რასაც ახლა სტრატეგიულ ინიციატივად მოვიაზრებთ. ეს გაზის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვედა ჰორიზონტზე მდებარეობს, იმ ადგილის ქვემოთ, საიდანაც ნავთობსა და გაზს მოვიპოვებთ. კომპანია ფოკუსირებული იყო წარმოების საბაზისო დონეების შენარჩუნებაზე. ასევე, პროექტ III-ის მიმართ სტრატეგიული ინტერესის გაძლიერებაზე. ეს მრავალი ტრილიონი კუბური ფუტის გაზის პროექტია. ჩავრთეთ დიდ ბრიტანეთში ბაზირებული საინვესტიციო ბანკი, რომელიც გვეხმარება და ეს ძალისხმევა ფოკუსირებულია პარტნიორის მოძიებაზე ამ რესურსების განვითარებისთვის. რესურსები კი მნიშვნელოვანია და შეუძლია არსებითი წვლილი შეიტანოს საქართველოს ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილებაში. ამ პროცესებში ვართ ახლა.
კონკრეტულად ვინაა თქვენი პარტნიორი ამ პროექტში და რა არის საინვესტიციო ღირებულება?
ესაა LAB Energy Advisors, რომელიც კომპანიებს მიზნობრივი, ინდუსტრიაზე ორიენტირებული ინვესტორების მოძიებაში ეხმარება. პროექტის საწყისი შეფასება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია. კაპიტალური დანახარჯების პროფილი 12-დან 18 თვემდეა. წარმატების შემთხვევაში, პირველი ფაზის განვითარების ფარგლებში ინვესტიცია 50-დან 80 მილიონ დოლარამდე იქნება.
როგორია ნავთობისა და გაზის მოპოვების მაჩვენებლები, თუ არის ზრდა და რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?
კმაყოფილები ვართ, რადგან კომპანია აგრძელებს ზრდას და განვითარებას. ნავთობის ნაკადები ფარავს ხარჯებს და გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი სტრატეგიული პროექტები განვახორციელოთ. როგორც ნებისმიერ აქტიურ ნავთობისა და გაზის კომპანიას, გვსურს უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ, თუმცა ცხადია სიჩქარე ხშირად დაკავშირებულია კაპიტალის შეზღუდვებთან და იმასთან, თუ რისი დახარჯვა შეგიძლია სტრატეგიული პროექტების განვითარებაზე. ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგადაა და დიდ დაინტერესებას ვიღებთ. რაც ასევე ერთგვარად პასუხობს თქვენს თავდაპირველ კითხვას, ბიზნესზე პოლიტიკური გარემოს გავლენასთან დაკავშირებით.
Block Energy-ის 5 ძირითადი პროექტი აქვს საქართველოში, რა არის მათი მიმდინარე სტატუსი?
პროექტი I, რომელიც ძირითადად მიმდინარე ნავთობის და გაზის მოპოვებას მოიცავს, სტაბილურად ვითარდება. ეს პროექტი კომპანიის ხარჯებს ფარავს და საშუალებას გვაძლევს თავისუფალი ფინანსური რესურსი სტრატეგიული პროექტების განვითარებისკენ მივმართოთ. პროექტ II-ის შემთხვევაში მუშავდება შეფასების და განვითარების გეგმა. პროექტ III-ზე უკვე ვისაუბრეთ, პარტნიორის მოძიების პროცესში ვართ, რაც გარკვეულ ტემპს იკრებს. პროექტ IV-ში ამჟამად Block Energy-ის ინტერესი პასიურია. ის მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი განვითარება ხდება ნავთობისა და გაზის ადგილობრივი კომპანიის მიერ. ამ პროექტის მიმართ უცხოელების მაღალი ინტერესია, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველო ინვესტორების ინტერესის საგნად რჩება. ამასთან, ჩვენ გვაქვს ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტი, რომელიც ჩვენთვის სტრატეგიულია და დიდ დაინტერესებას იწვევს, როგორც ჩვენი ინჟინრების გუნდის და კონტრაქტორების მხრიდან, ასევე გარედან, კონსულტანტებისგან, რომლებიც გვეხმარებიან გაზომვებში და პროცესის მონიტორინგში, რათა წინ წავიწიოთ და დავიწყოთ პირველი საპილოტე კვლევა. ეს იქნება ნახშირბადის ინექციები ჩვენს ზოგიერთ ამოწურულ რეზერვუარში.
ამ უკანასკნელზე მეტი დეტალი რომ გვითხრათ, რა არის ლოკაცია და საინვესტიციო გეგმა?
პროექტი განსაზღვრა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ამოწმებს ჩვენს ზოგიერთ ამოწურულ რეზერვუარს XIB და XIF სალიცენზიო ბლოკებში. განისაზღვრა, რომ გვაქვს დაახლოებით 140 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირბადის შენახვის შესაძლებლობა რეზერვუარში, რომელიც 70-იანი წლებიდან მუშავდებოდა. რეზერვუარის მახასიათებლები საშუალებას გვაძლევს, რომ ნახშირბადი გარდავქმნათ კირქვად 12-თვიან პერიოდში. საკმაოდ უნიკალური პროცესია ქანის გეოლოგიური შემადგენლობიდან გამომდინარე, რომელშიც ნახშირბადის შეყვანას ვაპირებთ. ეს პროექტი მდებარეობს რუსთავის ინდუსტრიულ ცენტრთან, სადაც ხდება საკმაო რაოდენობის ნახშირბადის ემისია ატმოსფეროში. ამჟამად კვლევებს ვატარებთ. იმედი გვაქვს, რომ პილოტის განვითარებას წელს შევძლებთ.
სხვა რა ახალი პროექტები და გეგმები გაქვთ მიმდინარე წელს?
ვფიქრობ, გეგმები ძირითადად ფოკუსირებული დარჩება გაზის პროექტისთვის პარტნიორის პოვნაზე, რაც კომპანიისთვის კრიტიკული მისიაა, ეს ჩვენი სტრატეგიული პროექტია, რომლის განვითარებაც გვსურს. ასევე, ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტი საკმაო ტემპით მიიწევს წინ. ეს ყველაფერი იქნება ჩვენი ძირითადი აქცენტი.
Georgia Oil and Gas-ზთან ერთად გაქვთ პროექტი. გვითხარით მეტი თქვენი თანამშრომლობის შესახებ.
Georgia Oil and Gas-თან თანამშრომლობა კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ეს პარტნიორობა პროექტ IV-ის ფარგლებშია. Georgia Oil and Gas-ი მდებარეობს ჩვენი ძირითადი სალიცენზიო არეალის გარშემო. ჩვენს არეალში არის არაძირითადი არეალები, რომლებიც მათი ძირითადი და არაძირითადი პორტფოლიოს ნაწილია. არსებული სალიცენზიო არეალების გაერთიანებით იქმნება ერთი დიდი არეალი. მათ პორტფოლიოში 1 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის რეზერვი და დიდი რაოდენობით გაზია, ასე რომ, როდესაც ვაერთიანებთ მათ და ჩვენს პორტფელებს, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ნებისმიერი დიდი მოთამაშისთვის ინდუსტრიაში.
მინდა გკითხოთ მოლოდინების და მონაცემების შესახებ, იზრდება მოპოვებული ნავთობის და გაზის რაოდენობა?
ამჟამად რიცხვები ძირითადად უცვლელია, რადგან ფოკუსირებული ვართ მიმდინარე პროექტების განვითარებაზე, რომლებიც არ მოითხოვს მეტ ბურღვას და წარმოებას, თუმცა ეს ჩვენთვის მომავალია. პროექტი III-იდან პირველი ფაზის ფარგლებში წარმოება 150 მილიონ კუბურ ფუტამდე გაიზრდება დღეში, დაახლოებით 50-60 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის შემდეგ. ამის პარალელურად ვავითარებთ ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის სტრატეგიას. თუ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში ამ პროექტთან დაკავშირებულ მიზნებს მივაღწევთ, შევძლებთ ვიყოთ ლიდერი მზარდი ნახშირბადის ნულოვანი წმინდა ემისიის მქონე ენერგოკომპანია.
გაქვთ მარაგების ახალი აღმოჩენები თქვენს სალიცენზიო არეალში?
რა თქმა უნდა, გვაქვს რამდენიმე მიმზიდველი სამიზნე. ეს არის მიზანი მომდევნო 6-12 თვეში. არ გვაქვს ახალი აღმოჩენები, თუმცა დავამუშავეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე პროექტ III-ის ფარგლებში, თუ შევძლებთ მათ გაბურღვას ეს იქნება საინტერესო პერიოდი როგორც Block Energy-ისთვის, ასევე საქართველოსთვის.