Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში ამჟამად საქართველოს არცერთი მოქალაქე არ შედის. საქმე ისაა, რომ გუშინ Bloomberg-მა ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას გადახედა და ის 3.2 მილიარდი დოლარით, 3.6 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, აღნიშნულის გამო ივანიშვილმა ხუთასეულს მიღმა გადაინაცვლა და რეიტინგი დატოვა.
ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია.
ასევე 2024 წლის 10 ნოემბრიდან Bloomberg-ის რეიტინგში არაა არც მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახური სუპერ აპის, Kaspi.kz-ის CEO და აქციონერია. ლომთაძე კასპის 22.6%-ის წილს ფლობს.
ლომთაძემ რეიტინგი Kaspi.kz-ის აქციების ფასის კლების გამო დატოვა. ამჟამად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi.kz-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ ყველა აქციის ჯამური ღირებულება 17.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად მიხეილ ლომთაძის ქონებაც დაახლოებით ამის 22.6%, ანუ 3.86 მილიარდი დოლარია.
ლომთაძე გასული წლის განმავლობაში Kaspi.kz-ის აქციების ფასის ცვალებადობიდან გამომდინარე რეიტინგში რამდენჯერმე შევიდა და გამოვიდა. ამჟამად Kaspi.kz-ის ერთი აქცია 89 დოლარი ღირს, 2024 წლის ზაფხულში კი 139 დოლარსაც შეადგენდა.
კომპანიის აქციების ღირებულების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ამერიკული შორტსელერის, Hindenburg Research-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი გახდა, რომლითაც ის Kaspi.kz-ს ამერიკელი ინვესტორების შეცდომაში შეყვანას სდებდა ბრალს. აღნიშნულ შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმება Kaspi.kz-ი, რომელმაც საკითხრთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა.
მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.
ამავე ინდექსში მიხეილ ლომთაძის ქონება 5.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რითიც ის მსოფლიოში 595-ე ადგილს იკავებს.




























