Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 11 ნოემბრის ვაჭრობა საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარებით დაიწყო. ამჟამად სისტემაში ერთი დოლარი 3.2625 ლარი ღირს, რაც ვაჭრობის გახსნის დროს არსებულ კურსთან შედარებით 3.5 თეთრით ნაკლებია.
ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას სებ-ი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა, სავარაუდოდ, აღნიშნული გამყარება ოფიციალურ კურსზეც აისახება.
გუშინ ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და გასყიდად $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც $37 მილიონი გაიყიდა. შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 4 თეთრით გამყარდა.
წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
ინტერვენციებთან დაკავშირებით გასული კვირის ბოლოს BMG ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, არჩილ მესტვირიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სავალუტო აუქციონები საჭიროებისამებრ მომდევნო წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.
“თქვენ იცით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო შემოდინებები დაკარგა ამ პანდემიის პერიოდში, რისი კომპენსირებისთვისაც მთავრობამ ისესხა უცხოური ვალუტით გარკვეული თანხები, რის საფუძველზეც ახდენს ფისკალურ სტიმულირებას ეკონომიკის. ჩვენი მიზანია, რომ ეს უცხოური ვალუტა მოხვდეს ბაზარზე, შესაბამისად პერიოდულად ვახორციელებთ ინტერვენციებს და ამ ინტერვენციებს გავაგრძელებთ 2020 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც.
მომავალ წელს ჩვენ რამდენი ინტერვენცია გვექნება და რა პერიოდულობით ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პანდემია და რა მოცულობით იქნება ფისკალური სტიმულირება მთავრობიდან და რა იქნება მისი დაფინანსების წყაროები. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს,” - ამბობს მესტვირიშვილი.




























