ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის დირექტორად Amazon-ის მოწყობილობებისა და სერვისების მიმართულების ხელმძღვანელი, დეივ ლიმპი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ბობ სმიტი ჩაანაცვლა - ეს უკანასკნელი კი, პენსიაზე გავიდა. ბოლო წლებში, დეივ ლიმპი Amazon-ის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დირექტორად იქცა, რაც ჩანს არამხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში, არამედ იმ პროდუქტებში, რომლებიც მისმა გუნდმა შექმნა. ესენია: ხმოვანი ასისტენტი Alexa, ჭკვიანი ხმის გამაძლიერებელი Echo და Kindle-ი. ბოლო წლებში, დეივ ლიმპი უშუალოდ ხელმძღვანელობდა Amazon-ის სატელიტური ინტერნეტის პროექტს, სახელწოდებით Project Kuiper.
Blue Origin-ის დირექტორად ბობ სმიტი ექვსი წლის წინ დაინიშნა და მას შემდეგ, კომპანია მნიშვნელოვნად გაზარდა - დღეს, Blue Origin-ში ათი ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. თუმცა, საპირწონედ ამისა, ბობ სმიტის მიმართ არსებულ კრიტიკას იშვიათს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. განსაკუთრებით აქტუალურად ეს საკითხი 2021 წელს იქცა, როცა Blue Origin-ი NASA-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში დამარცხდა, ხოლო მთვარეზე ადამიანის დაშვებისთვის საჭირო სისტემის შესაქმნელად კონტრაქტი ილონ მასკის SpaceX-მა მიიღო. Blue Origin-ი ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და ის ფედერალურ სასამართლოშიც კი გაასაჩივრა, მაგრამ დამარცხდა. მოგვიანებით, Blue Origin-მა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სხვა ტენდერში გაიმარჯვა და $3.4 მილიარდად შეფასებული კონტრაქტი მიიღო.