ამერიკელი ანტერპრენიორის, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანიამ, Blue Origin-მა 2022 წლის შემდეგ პირველი ეკიპაჟიანი ფრენა ჩაატარა, რომლითაც კოსმოსი კიდევ ექვსმა კოსმოსურმა ტურისტმა მოინახულა. აღნიშნული გაფრენა კომპანიისთვის რიგით მეშვიდე ეკიპაჟიანი ფრენა იყო, რადგან 2022 წელს Blue Origin-ის სარაკეტო ბუსტერს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რომლის შემდეგ აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში ჯეფ ბეზოსის კომპანიას 21 სხვადასხვა ხარვეზის გამოსწორება მოუხდა.
ეკიპაჟის წევრებს შორის 90 წლის ამერიკელი პილოტი, ედ დვაითიც იყო, რომელსაც კოსმოსური სკაფანდრი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ფიცსჯერალდ კენედის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში უნდა ჩაეცვა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, მთვარეზე ორი ადამიანი - ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი დაეშვნენ, ხოლო ედ დვაითი ასტრონავტი ვერ გახდა. ოცნება, რომელიც ამერიკელ პილოტს ჰქონდა, 2024 წელს აღსრულდა, რადგან კოსმოსში მისი ვიზიტი ამერიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, Space for Humanity-მ დაასპონსორა.
Blue Origin-ის NS-25-ის მისიის ფარგლებში, ედ დვაითთან ერთად, კოსმოსში რამდენიმე ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის იყვნენ ვენჩურული კაპიტალისტი, მეისონ ენჯელი, ფრანგი ანტერპრენიორი სილვენ შირონი, ინჟინერი კენეთ ჰესი, ყოფილი ბუღალტერი, კეროლ შალერი და ინდოელი ანტერპრენიორი და პილოტი, გოპი თოტაკურა, რომელიც, სხვათა შორის, რიგით მეორე ინდოელია, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა.
გამომდინარე იქიდან, რომ Blue Origin-ის ეს გაფრენა ტურისტული ხასიათის იყო და კოსმოსის კვლევას არ ემსახურებოდა, NS-25-ის ეკიპაჟის წევრებმა ნულოვან გრავიტაციაში რამდენიმე წუთი დაჰყვეს, რის შემდეგაც დედამიწაზე სპეციალური კაფსულით დაბრუნდნენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დედამიწაზე დაბრუნების დროს კაფსულის ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა, მაგრამ, როგორც Blue Origin-ში განაცხადეს, კომპანიის ინჟინრებმა აღნიშნული სცენარიც გათვალეს, შესაბამისად ეკიპაჟის ექვსივე წევრი პლანეტაზე უვნებელი დაბრუნდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Blue Origin-ის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კონტრაქტორია, რომელიც ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კომპანიას ერგო $3.4-მილიარდიანი კონტრაქტი, რომელიც Artemis V-ის მისიის ფარგლებში, 2029 წელს, მთვარეზე ადამიანებს დასვამს. ბოლო წლებში, Blue Origin-ი ყველაზე მნიშვნელოვან წამოწყებად იქცა თავად მისი დამფუძნებლისთვის, რაზედაც ისიც მიუთითებს, რომ ჯეფ ბეზოსმა სიეტლში ცხოვრებაზე უარი თქვა და საცხოვრებლად მაიამიში გადავიდა, რაც, როგორც თავად ახსნა, მშობლებთან და კეიპ-კანავერალის სადგურზე მდებარე Blue Origin-ის სადგურთან ახლოს ყოფნის საშუალებას მისცემს.