„ბიზნეს-მედია საქართველო“ (BMG) რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს.
„ბიზნესი და ბიზნესმენები, რომლებიც დადასტურებულად ვიცით, რომ არიან ამ ძალადობის მოციქულების, ანოფორას ამოფარებულთა თუ სამოქალაქო ამუნიციაში გამოწყობილთა მხარდაჭერები, ჩვენ ვუკრძალავთ საკუთარ თავს მათთან ნებისმიერ ურთიერთობას. BMG უარს ამბობს ამ ადამიანების პერსონიფიცირებულ და საქმიან, თუ ნებისმიერ გაშუქებაზე“, - აცხადებს BMG-ის რედაქტორი გიორგი ისაკაძე.
მისივე შეფასებით, რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებას სახელმწიფომ პროპორციული ძალა არ დაუპირისპირა, რის გამოც მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა.
გიორგი ისაკაძემ თავისი პოზიცია გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში გააჟღერა:
„გუშინ რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს არის მორიგი დაშვებული ძალადობა, რომელიც ორკესტრირებული გახლდათ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მიერ, რაც გამოიხატა მშვიდობიანი რეპორტიორების და მოქალაქეების დარბევაში, რისი განეიტრალება საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო.
ქვეყნის პოლიტიკურმა მმართველობამ ვერ გაანეიტრალა დაძაბულობა, რითიც ხელი შეუწყვეს პროცესების ესკალაციას, რომელსაც სახელმწიფომ არ დაუპირისპირა სამართლებრივი პროპორციული ძალა. მეტიც, სრულიად მართულ უსუსურობაში გადასული სამართალდამცავების მოქმედება დაჯდა ჩვენი რამდენიმე კოლეგის ფიზიკური დაზიანების მიზეზი, საფრთხე ემუქრებოდა არა მხოლოდ მათი, არამედ რიგითი მოქალაქეების სიცოცხლესაც, რომლებიც შესაძლოა, გადაადგილდებოდნენ დედაქალაქის ქუჩებში ფერად მაისურებსა და ქუდებში და ბრბოს არ ამოუვიდა დაბნელებულ თვალებში.
მანამდე, გეტყვით, რომ გუშინდელ ძალადობას ჰყავს კონკრეტული შემოქმედებები და ცხადია, მათ ჰყავთ კონკრეტული მხარდამჭერები. ბიზნესმენებიც, რომლებიც საქართველოში აკეთებენ ბიზნესს, აქვთ წარმოებები, ვაჭრობენ... აქვთ დეველოპერული და საშუამავლო კომპანიები, მოკლედ, ბიზნესები არ აკლიათ და მათმა ღმერთმა მოუმართოთ ხელი საქმეში. ჩვენ სხვადასხვა ღმერთი გვყავს.
ერთის თქმა, რაც შემიძლია არის შემდეგი: ბიზნესი და ბიზნესმენები, რომლებიც დადასტურებულად ვიცით და არიან ამ ძალადობის მოციქულების, ანოფორას ამოფარებულთა თუ სამოქალაქო ამუნიციაში გამოწყობილთა მხარდაჭერები, ჩვენ ვუკრძალავთ საკუთარ თავს მათთან ნებისმიერ ურთიერთობას და BMG უარს ამბობს ამ ადამიანების პერსონიფიცირებულ და საქმიან თუ ნებისმიერ გაშუქებაზე.
სულ ეს არის.
მე მჯერა ამ ქვეყნის ფერადი და ნიჭიერი მომავლის.
მჯერა სიყვარულის და ამიტომაც მიყვარს ქრისტე.
მწამს ქრისტესი და ამიტომაც მგონია, რომ ქრისტეს სახელით მქადაგებელთა დიდი ნაწილის ადგილი არ არის უფლის სახლში.
მე ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით, ვერაზე, საბურთალოზე. იოლად მნახავთ თბილისის და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში და ნებისმიერ დროს მზად ვარ, ჩემი და თქვენი შვილების უკეთესი და ფერადი საქართველოსთვის შევხვდეთ და ვისაუბრეთ ჭეშმარიტ ღმერთზე“.




























