„ბიზნეს მედია საქართველოსა“ (BMG) და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში მოეწერა ხელი, მხარეებმა კი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს.
„ეს იქნება ბაზისური დოკუმენტი საიმისოდ, რომ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთანაც ფონდს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და არა მხოლოდ, ჩაერთოს BMG, რათა პრაქტიკული საფუძველი შევქმნათ დასაქმებისთვის და პროექტებისთვის, რომელიც ეკონომიკური ჟურნალისტიკის ქვეშ შეიქმნება. ამ პროცესს „ბიზნეს მედია საქართველო“ როგორც პარტნიორი და ფონდის განახლებული საბჭოს წევრი ისე გაუძღვება“, - განმარტა BMG-ის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ.
„მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) კუთხით თანამშრომლობას, რომელიც გრძელვადიანი პროექტია და მსოფლიო ბანკი აფინანსებს. აღნიშნულ დაჯილდოებაში კერძო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს გათვალისწინებული“, - დასძინა ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის დირექტორმა იური დოლიძემ.