მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW-მ სრულამძრავიანი კუპე M4 CS-ს წარადგინა, როგორია ახალი Ferrari 12Cilindri? - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

dsfe

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

TOYOTA-ს მოგება 100%-ით გაიზარდა

იაპონური ავტომწარმოებელი გიგანტის, Toyota-ს მოგება 100%-ით გაიზარდა. კომპანიის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, რომ Toyota-მ 32 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
დაახლოებით 21%-ით არის გაზრდილი წლიური შემოსავალი და ის 290 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც აგრეთვე აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
საერთო ჯამში, ერთ წელიწადში კომპანიამ 9 მილიონ 400 ათასი ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც მსოფლიო რეკორდია.
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა Toyota-ს ჰიბრიდულ ავტომობილებზე ფიქსირდება, რადგან ამ ტექნოლოგიაში იაპონურ კომპანიას ბადალი არ ჰყავს.

BMW-მ სრულამძრავიანი კუპე M4 CS-ს წარადგინა

BMW-მ სრულამძრავიანი კუპე M4 CS-ს წარადგინა. კუპე სამოდელო რიგში ადგილს დაიკავებს M4 Competition M xDrive-სა და M4 CSL-ს შორის, ამასთან სიახლემ ამ უკანასკნელისგან 550 ცხ.ძ. მქონე ძრავა მიიღო. ადგილიდან 100 კმ-მდე აჩქარებისთვის M4 CS 3.7 წამი სჭირდება.

ლიმიტირებული კუპე მოდელებისგან განსხვავებით, რომლებსაც ძირითადად უკანა წამყვანი თვლები აქვს, CS-მა სრული ამძრავი მიიღო. M4 CS ასევე იწონის უფრო ნაკლებს ვიდრე M4 Competition M xDrive-ი M4 CSL-ი . განსხვავება მცირეა - დაახლოებით 20 კილოგრამი, მაგრამ ამასაც თავისი წვლილი შეაქვს მის სისწრაფეში და მანევრირებაში. სახურავი, კაპოტი, უკანა დიფუზორი დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოებით გამაგრებული პლასტმასისგან.

BMW ჯგუფი სერიული წარმოების დაწყებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს, შეკვეთების მიღება კი მაისის ბოლოს დაიწყება. აშშ-ის ბაზრისთვის ახალი კუპეს ფასი $123,500 იქნება.


უფრო ძლიერი და კომფორტული -Land Rover Defender განახლდა

უფრო ძლიერი და კომფორტული -Land Rover Defender განახლდა​​. გარეგნულად, SUV დარჩა თითქმის უცვლელი, მაგრამ რამდენიმე ახალი მოდიფიკაცია შეემატა უფრო თანამდეროვე და კომფორტული სამგზავრო და მართვის გამოცდილებისთვის. ახალ Defender-ს განსაკუთრებული პაკეტიც აქვს, "Sedona Red".

განახლებულმა Land Rover Defender-მა, ახალი, D350 დიზელის ძრავა მიიღო, რომელიც 345 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც 49-ით მეტია D300-ზე. ბრუნვის მომენტი გაიზარდა 50 ნ/მ-ით, 700 ნ/მ-მდე. სხვა ინოვაციები დაკავშირებულია კომფორტის დონესთან. მოდიფიკაციებს და საბაზისო ვერსიას დაემატა უფრო სასიამოვნო ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები და ჯიბეები პატარა ნივთების შესანახად.

ამასთან, პაკეტებს შორის ასევე არის ცივი კლიმატის პაკეტი სხვადასხვა გათბობის სისტემით და ვერსია ძალიან ცივი კლიმატისთვის.
კიდევ ერთი სიახლე არსი სპეციალური ვერსია 110 Sedona Edition, რომელიც არიზონას ქალაქ სედონას სახელს ატარებს. მას აქვს Sedona Red ექსტერიერი, შთაგონებული ადგილობრივი ტოპოგრაფიით და 22 დიუმიანი Gloss Black დისკები. კაპოტზე გამოსახულია სედონას ტოპოგრაფია. ეს ვარიანტი ლიმიტირებული რაოდენობით და დროით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გაიყიდება.


როგორია ახალი Ferrari 12Cilindri?

იტალიურმა საჯინიბომ მსოფლიოს ახალი თაობის სუპერ-გრანდ-ტურერი წარუდგინა, რომლის სახელწოდება Ferrari 12Cilindri-ია (დოდიჩი ჩილინდრი). სახელიდან გამომდინარე, ყველაფერი გასაგებია, ამ ავტომობილის მთელი არსი მისი ძრავაა, რომელსაც 12 ცილინდრი აქვს და 820 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Ferrari-ს V12-ს არც ტურბო აქვს, არც კომპრესორი და არც ჰიბრიდული სისტემა, ეს 6.5 ლიტრის მოცულობის მუსიკალური ინსტრუმენტი მთელ თავის სიმძლავრეს ჟანგბადის და საწვავის შერწყმით გამოიმუშავებს და ავტომობილის აჩქარებას 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.9 წამში უზრუნველყოფს.
„დოდიჩი ჩილინდრი“ მხოლოდ დრამატული ძრავა როდია, მას არანაკლებ შთამბეჭდავი ვიზუალი გამოარჩევს, რომელიც 365 GTB/4 Daytona-ს რეტრო-ფუტურისტულ რეინკარნაციად შეიძლება ჩაითვალოს.
12Cilindri-ს მიზანი აწ უკვე ლეგენდად ქცეული Ferrari 812-ის ჩანაცვლებაა, რომელიც სუპერ-GT კატეგორიის სამეფო ტახტს 2017 წლიდან მოყოლებული იკავებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ავტომობილს ზუსტად იმდენი ცხენის ძალა აქვს, რამდენიც 812 Competizione-ს ჰქონდა, რაც უჩვეულოა. როგორც Ferrari-ში განმარტავენ, მეტი სიმძლავრე უკანა წამყვანი არქიტექტურის მქონე ავტომობილის უმართავად აქცევდა, ამიტომ ინჟინრებმა არჩევანი სწორედ 820 ცხენის ძალაზე შეარჩიეს, რაც მათ იმ ლიმიტად მიაჩნიათ, რომლის იქით გრანდ-ტურერს არაფერი ესაქმება და საქმეში უფრო მძიმე არტილერია უნდა ჩაერთოს, მაგალითად, SF90.
ამჟამად წინასწარი შეკვეთისთვის 12Cilindri-ს ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი - ბერლინეტა და სპაიდერი (კაბრიოლეტი). ავტომობილის საწყისი ფასი 400,000 დოლარია.

Mercedes-AMG-ის იერარქიულ სისტემაში ახალი ჩემპიონი გამოჩნდა

Mercedes-AMG-ის იერარქიულ სისტემაში ახალი ჩემპიონი გამოჩნდა, ეს არის GT63 S E Performance, რომელსაც 8-ცილინდრიანი ტურბირებული ძრავა, Formula 1-ის სტილის ჰიბრიდული სისტემა, 805 ცხენის ძალა, 1,420 ნიუტონ-მეტრის გაწევა და ელექტრონული მოტორი აქვს. სპორტული კუპე 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.7 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც ელექტრონულადაა შეზღუდული, 320 კმ/სთ-ს შეადგენს.
ავტომობილს საკმაოდ უცნაური ჰიბრიდული სისტემა აქვს, რომელიც არა გამონაბოლქვის შემცირებას ან საწვავის ეკონომიას, არამედ 8-ცილინდრიანი ძრავის გაძლიერებას ისახავს მიზნად. GT63 S E-ს სწორედ ამ დანიშნულებით დაუმონტაჟეს ელექტრონული მოტორი, რომელიც დამოუკიდებლად 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც საოჯახო ავტომობილისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა, თუმცა AMG-ის შემთხვევაში ის V8-ის თანაშემწის ფუნქციას ასრულებს.
ავტომობილის ვიზუალზე გერმანელებს ზედმეტი არ უფიქრიათ, C192-ის სერიის ძარა ისედაც იდეალური პროპორციებით და დიზაინით გამოირჩეოდა, შესაბამისად, კარგი რეცეპტის შეცვლის საჭიროება უბრალოდ არ არსებობდა.
GT63 S E-ის საწყისი ფასი 200,000 დოლარია და ამჟამად ის ყველაზე მძლავრ სერიულ Mercedes-AMG-ის წარმოადგენს, თუკი, რა თქმა უნდა, AMG One-ს არ ჩავთვლით, რომელიც F1-ის სისტემით აღჭურვილი ბოლიდია და ამჟამად დაახლოებით $6 მილიონი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები