მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს შექმნის

BMW x Toyota

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია, გერმანული BMW წყალბადზე მომუშავე ავტომობილების კომერციალიზაციას იწყებს. ამ საქმეში გერმანული ავტოკონცერნის სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია, იაპონური Toyota იქნება, რომელიც წყალბადზე მომუშავე, ისევე, როგორც ჰიბრიდული ავტომობილების სფეროში უდავო ლიდერად ითვლება. კომპანიები წყალბადზე მომუშავე სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის რამდენიმე პლატფორმას შექმნიან, რომელთაც ორივე კომპანია გამოიყენებს. წყალბადზე მომუშავე პირველი BMW გზებზე 2028 წელს უნდა გამოჩნდეს.

ავტომობილის საწვავად წყალბადის გამოყენება გერმანული ავტომწარმოებლისთვის სიახლე არ არის, პირიქით - ამ ტექნოლოგიის განვითარება მიუნხენში წლების წინ დაიწყეს და პროტოტიპული iX5-იც შექმნეს, რომელმაც მსოფლიო მოიარა. BMW ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ჭეშმარიტი ნოვატორია და გასაკვირი არ არის, რომ წყალბადზე მომუშავე პირველი კომერციულად გამართული ავტომობილი სწორედ მან შექმნას. როგორც BMW-ში ამბობენ, წყალბადის ტექნოლოგია, პირველად, უკვე არსებულ მოდელებში დაინერგება და ლოგიკური იქნება, რომ ეს მე-5 სერიის სედანი ან X5 იყოს, განსაკუთრებით iX5-ის გამოცდილების ფონზე.

მარტივი მისახვედრია, რომ გერმანული და იაპონური კომპანიების სტრატეგიულ თანამშრომლობას რამდენიმე მიზანი აქვს, მაგრამ მათ შორის უპირატესი, ცხადია, წყალბადის ტექნოლოგიის გაიაფებაა. საქმე ისაა, რომ ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა Toyota-მ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაიწყო და დღემდე, ამ მიმართულებით მილიარდობით დოლარი დახარჯა, ანუ ნოუჰაუს ფლობს. წყალბადზე მომუშავე კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ავტომობილი - Toyota Mirai იაპონელებმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოუშვეს, ანუ გამოცდილება, რომელიც აკიო ტოიოდას კომპანიას ამ მიმართულებით აქვს, უბრალოდ უალტერნატივოა.

Toyota-სა და BMW-ს წარმატებული თანამშრომლობა ამ დრომდეც ჰქონიათ, რომლის შედეგად ბაზარზე ორი ავტომობილი - Toyota GR Supra და BMW Z4 გამოჩნდა. ლეგენდარული იაპონური სპორტქარის მეორედ დაბადება BMW-ს გარეშე, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ავტომობილის სპორტული ძარა, ისევე, როგორც 335 ცხენის ძალის მქონე სამი ლიტრის მოცულობით 6-ცილინდრიანი ერთრიგა ტურბირებული ძრავა, სწორედ გერმანელებმა შექმნეს. ამავეს თქმა შეიძლება ახალი თაობის BMW Z4-ზე, რომელიც, მექანიკურად, იაპონური სპორტქარის დნმ-ს იზიარებს, მაგრამ ვიზუალურად და მართვის კუთხით, მძღოლს განსხვავებულ სიამოვნებას ანიჭებს.

რით განსხვავდება წყალბადზე მომუშავე ავტომობილი ბაზარზე არსებული სხვა ალტერნატივებისგან?

პირველ რიგში, წყალბადი თავად არის ალტერნატივა და იმ მომავლის წარმოჩენა, სადაც წყალბადზე მომუშავე ავტომობილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჰიბრიდული - შეუძლებელია. წყალბადის ტექნოლოგიას რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვს - წყალბადი ყველაზე უხვად ხელმისაწვდომი ელემენტია ჩვენს სამყაროში და თუ მას საწვავად გამოვიყენებთ, გამონაბოლქვის ნაცვლად სუფთა წყალს მივიღებთ. ამასთან, წყალბადზე მომუშავე ავტომობილის ავზის გავსებას იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც ბენზინის ჩასხმას, მაგრამ წყალბადით გაცილებით დიდი მანძილის დაფარვა არის შესაძლებელი.

ავტომობილების წყალბადით დასამუხტად აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც, თავისთავად, ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს. არსებული მონაცემებით, ერთი წყალბადგასამართი სადგურის მშენებლობა $1-დან $4 მილიონამდე ღირს, ანუ მაღალი ხარჯის დასაფარად საწვავის ფასიც მაღალი უნდა იყოს, რაც ასეთი ავტომობილის ყოლას, სულ მცირე დღეს, არაპრაქტიკულად აქცევს. ამასთან, პრობლემა არის ამ ტიპის ავტომობილების შეკეთებაც, რადგან ეს ცოდნა ფაქტობრივად არც ერთ ხელოსანს არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები