მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისის მერიამ ₾1,3 მლნ-მდე ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც მალევე დაზიანდა - აუდიტი

649440f331ad5
თამთა ჯიჯავაძე
23.06.23 19:50
475
ბოლნისის მერიამ 1,3 მლნ ლარამდე ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ამის შესახებ ბოლნისის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც აუდიტი წერს, მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არ გამოავლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

„2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 277 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 20,146.3 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე.

კერძოდ, აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. დათვალიერების შედეგად ხარვეზები გამოვლინდა 4 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1,275.3 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღები, სათნოების სახლი, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები. აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებში უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მერიამ ობიექტებზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით, 4 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში მიმწოდებლებს მიმართა აუდიტის ჯგუფის მიერ ხარვეზების გამოვლენის შემდეგ“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

შესაბამისად, აუდიტის რეკომენდაციაა, რომ ბოლნისის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები