მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 წელში საქართველო 285 ათასმა მოქალაქემ დატოვა, ემიგრაცია რეკორდული 2023 წელს იყო

ემიგრაცია

2023 წელს საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ემიგრაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - 163,480 მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა, 91,896 იმიგრანტი კი ქვეყანაში დაბრუნდა, შესაბამისად, საქართველოს მიგრაციული სალდო მინუს 71,584 იყო. ეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 2%-ია.

საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაციის ასეთი დიდი ნეგატიური სალდო არცერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, შედარებისთვის, 2022 წელს ნეგატიური სალდო 46 ათასი იყო, 2021 წელს 41 ათასი მოქალაქე, 2020 წელი კი ერთადერთი წელი იყო, როდესაც საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ჰქონდა (პანდემიის გამო) და ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა ქვეყნიდან გასულთა რიცხვს 23 ათასით გადააჭარბა. თუმცა, მთლიანად ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოდან გრძელვადინ ემიგრაციაში 285 ათასი ადამიანი წავიდა.

მთლიანობაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე ერთი წლის პერიოდით მაინც ემიგრაციაში 942 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა ერთი მესამედიც (285 ათასი ადამიანი) კვლავ ემიგრაციაშია. საქართველოდან ემიგრაცია ძირითადად სამსახურის პოვნისთვის და განათლების მიღებისთვის ხდება. ემიგრანტებს შორის დაახლოებით 55-60% მამაკაცია.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება იმიგრანტად?

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.

შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.