უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 დეკემბრის მდგომარეობით, არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147, ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.




























