შსს-ს განცხადებით, ბოლო 5 დღეში რუსთაველის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილეა დაკავებული.
უწყების თანახმად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი - მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს",- აცხადებენ შსს-ში.
17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები. შედეგად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
- აკრძალული საგნის ან ნივთიერების ქონა;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა.
შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.




























