2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კვერცხის შეკვრის საშუალო ფასი 5.6 ლარის ფარგლებშია. შედარებისთვის, 5 წლის წინ საშუალო ფასი 3.75 ლარის ფარგლებში იყო, რაც ამ პერიოდში ფასის 50%-იან ზრდას ნიშნავს, ამასთან საქსტატის თანახმად, ბოლო 10 წელიწადში კვერცხი 87%-ით გაძვირდა.
დღეს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა - „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება", - ნათქვამია კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
საქსტატის თანახმად, საქართველოში სულ 8 მილიონი ფრთა ფრინველია, ხოლო წარმოებული კვერცხის რაოდენობაა 673 მილიონი ერთეული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მეფრინველეობის ფერმები ბაზარს ყოველდღიურად 1.8 მილიონ ცალ კვერცხს აწვდიან.
საქსტატის ანგარიშში წარმოდგენილია კვერცხის საბითუმო ფასების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2024 წელს მწარმოებლებიდან (ფერმები) კვერცხის მიწოდების საშუალო ფასი 10 ერთეულზე 3.8 ლარს შეადგენდა. 2025 წლის საშუალო ფასი, ჯერჯერობით, სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა, თუმცა საბითუმო ბაზრის ტენდენციების და ფასების ზრდის გათვალისწინებით ის სავარაუდოდ 10 ერთეულზე 4-4.1 ლარის ფარგლებში იყო, შესაბამისად, საბოლოო საცალო ბაზარზე კვერცხი დაახლოებით 35%-ის ფასნამატით იყიდებოდა.
10 კვერცხის საბითუმო ფასი საქსტატის მიხედვით - ფერმის მიერ კვერცხის რეალიზების ღირებულება:
- 2015 წელი - 2.3 ლარი
- 2016 წელი - 2.1 ლარი
- 2017 წელი - 2.4 ლარი
- 2018 წელი - 2.3 ლარი
- 2019 წელი - 2.4 ლარი
- 2020 წელი - 2.4 ლარი
- 2021 წელი - 3.2 ლარი
- 2022 წელი - 3.6 ლარი
- 2023 წელი - 3.9 ლარი
- 2024 წელი - 3.8 ლარი
- 2025 წელი [ავტორის შეფასება] - 4-4.1 ლარი;



























