პარლამენტში, აგრარული კომიტეტის სხდომაზე დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს უსმენდნენ, რომელმაც 2023 წლის რთველი შეაფასა. მისი თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, წელს ყველაზე ცუდი მოსავალი იყო, თუმცა მოსავლის შემცირების და მაღალი მოთხოვნის გამო შემოსავალი თითქმის გასული წლის ანალოგიური იყო.
"გაზაფხულზე არასასურველი ამინდი და კლიმატი იყო ვენახებისთვის, მთელი გაზაფხული და ზაფხულის პირველი ნახევარი წვიმდა, რამაც ყურძენს დიდი დაღი დაასვა, მასიურად იყო ჭრაქი, რაც მაღალი ტენიანობიდანაა გამოწვეული, ამასთან, რთველის აღებისას სეტყვა ორჯერ მოვიდა, რამაც საკმაოდ დიდი ფართობები დააზიანა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ, ასეთი დაბალი რაოდენობის მოსავალი კახეთში არ ყოფილა, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, წელს ყველაზე ცუდი მოსავალია", - დასძინა ლევან მეხულზამ.
ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კახეთის რეგიონში 204 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო რაჭაში 1000-1700 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.
"პირველად, რაც ამ დარგში ვარ, საფერავის მოსავალი მეტი იყო, ვიდრე რქაწითლის. კახეთის რეგიონში მხოლოდ 204 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც წინა წლებთან შედარებით ძალიან დაბალია, აქედან 90 ათასი ტონა საფერავი, ხოლო 72 ათასი ტონა რქაწითელი იყო. აღსანიშნავია, რომ რაჭაში შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო და 1000 ტონა ყურძენი გადამუშავდა", - განმარტავს ის.
ლევან მეხულზა აღნიშნავს, რომ ცუდი მოსავლის მიუხედავად, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, რეგიონებმა თითქმის ის შემოსავალი მიიღეს, რაც გასულ წელს.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ცოტა იყო, მოთხოვნა ყურძენზე ძალიან მაღალი იყო და შემოსავლებს თუ შევადარებთ, კახეთში თითქმის იგივე შემოსავალი იყო, რაც გასულ წელს: წლევანდელი რთველის შემოსავალი კახელი ფერმერებისთვის 250 მილიონ ლარს აღწევს, რაც შეეხება რაჭის რეგიონს, ალექსანდროული-მუჯურეულის შემოსავალი დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენდა", - დასძინა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.