„წელს, ორგანიზაციულმა განახლებამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბოლო 6 თვეში 25%-იანი ზრდა უზრუნველყო, რაც ბაზრის ზრდის დინამიკას აღემატება“,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ სამშენებლო მასალების კომპანია "ციტადელის" ფინანსურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩქარეულმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ციტადელი“ 2011 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს 30-მდე კატეგორიის, საერთაშორისო სტანდარტების სამშენებლო-სარემონტო მასალებსა და ტექნიკას სთავაზობს. „ციტადელი“ ამჟამად თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 4 სავაჭრო სივრცეს ფლობს და 350-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის კომერციული დირექტორის ინფორმაციით, "ციტადელი" B2B გაყიდვებზეა კონცენტრირებული და იმ პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, რომელთა წარმოება საქართველოში არ ხდება.
„ციტადელის მიზანი არასოდეს ყოფილა მონოპროფილურ კომპანიად ჩამოყალიბება. რაც ქართულ სამშენებლო სფეროს აძლევს უნიკალურ საშუალებას, რომ სრული სერვისი იყოს შეთავაზებული ერთ კომპანიაში. "ციტადელი" არ არის ერთი კომპანია. ჩვენ დიდი ჯგუფი ვართ, სადაც 6 კომპანია ერთიანდება სამშენებლო, წარმოების მიმართულებით“, - აცხადებს ჩქარეული.
რაც შეეხება გამოწვევებს, „ციტადელის“ ფინანსური დირექტორი ეთერში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია გაცვლითი კურსის მერყეობა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, რაც ლოკალურ ბაზარზე არასტაბილურ გარემოს ქმნის.
„საქართველო ძალიან არის დამოკიდებული სანქციებსა და შოკებზე, გეოპოლიტიკურ ვითარებებზე. შესაბამისად, ყველაზე დიდ დარტყმას რაც ახდენს ამ სფეროზე, არის ეკონომიკური რყევები. ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირია გაცვლითი კურსის მერყეობა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, რაც ლოკალურ ბაზარზე არასტაბილურ გარემოს ქმნის. თუმცა, ჩვენ საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს ამ პროექტებში ჩადებული, მათ შორის ჩვენს მომწოდებლებთან, რომლებთანაც საკმაოდ გრძელვადიანი პარტნიორობა გვაკავშირებს, რაც ბაზარზე გამოგვარჩევს.
ბაზრების დივერსიფიცირება საშუალებას გვაძლევს, რომ ქართულ სამშენებლო სექტორს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები და არასოდეს არ ჰქონდეთ მიწოდების კუთხით რაიმე შეზღუდვები. ინსტიტუციური განვითარების კუთხით, რაღაც ეტაპზე ვფიქრობთ, რომ კაპიტალის ბაზრებსაც შევაღებთ. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები. ამასთან, გვაქვს რაღაც ტიპის კატეგორიები, რომელიც შედარებით განსავითარებელია და ამ მიმართულებით წელს აქტიურ "დარტყმებს" ვგეგმავთ“, - განაცხადა ვახტანგ ჩქარეულმა.