მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ათწლეულის ანალიზი რუსულ იმპორტზე საქართველოს მაღალ დამოკიდებულებას გვიჩვენებს - PMC

62988cb41e54c
მარიამ ვარადაშვილი
02.06.22 18:01
922
PMC კვლევითი ცენტრი ბოლო ათასწლეულის ჯამური იმპორტის ანალიზის საფუძველზე აცხადებს, რომ საქართველო სასურსათო კუთხით რუსეთზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც საქართველოს სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში რუსეთისა და უკრაინის როლს ეხება. კვლევაში მოყვანილია სამი ძირითადი პროდუქტი: ხორბალი, მზესუმზირის ზეთი და ხორბლის ფქვილი.

კვლევის თანახმად, რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტის დინამიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ხორბლის იმპორტი უკრაინიდან საქართველოში ხორბლის მთლიანი იმპორტის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებდა (წლიურად საშუალოდ 0.6%), ხოლო რუსეთი (86.1%) საქართველოს მთავარი პარტნიორი იყო ხორბლის იმპორტში, რაც შესაძლოა აიხსნას უკრაინის ფასთან შედარებით (0.32 აშშ დოლარი/კგ) რუსეთიდან ხორბლის იმპორტის დაბალი ფასითა (საშუალო წლიური ფასით 0.24 აშშ დოლარი/კგ) და რუსეთიდან ტრანსპორტირების ასევე შედარებით დაბალი ხარჯით.

2012 წლიდან 2017 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის იმპორტში სტაბილურად იზრდებოდა, რასაც მოჰყვა ვარდნა 2018-2019 წლებში რუსეთში დაბალი მოსავლიანობისა და გაზრდილი ფასების გამო. შედეგად, ხორბლის იმპორტში ყაზახეთი გამოჩნდა. თუმცა რუსეთის წილი კვლავ მაღალია და 2020 წელს მაქსიმუმს 99.5%-ს მიაღწია.

რაც შეეხება ხორბლის ფქვილს, 2012 წელს უკრაინა ხორბლის ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა იყო (საქართველოს ხორბლის ფქვილის მთლიანი იმპორტის 91.8%), თუმცა ის მალე რუსეთმა ჩაანაცვლა. კვლევაში წერია, რომ ამის მიზეზი რუსეთიდან იმპორტის შედარებით დაბალი ფასი იყო. ჯამში PMC კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის წილი ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში იზრდებოდა და 2022 წლის I კვარტალში მთლიანი იმპორტის 98.3%-ს მიაღწია. კვლევის თანახმადვე, ფქვილის მსგავსად, უკრაინის იმპორტის წილი მზესუმზირის ზეთის შემთხვევაში შემცირდა რუსეთის კი გაიზარდა.

კერძოდ, უკრაინის წილი მზესუმზირის ზეთის მთლიან იმპორტშიც მცირდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ხოლო რუსეთის წილი იმპორტში სტაბილურად იზრდებოდა 2012 წლიდან 2020 წლამდე და 2020 წელს 89.2%-ს მიაღწია. ეს ასევე შეიძლება აიხსნას იმით, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ზეთი გამოირჩეოდა შედარებით დაბალი ფასით (საშუალოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზესუმზირის ზეთის ფასი იყო 1.12 აშშ დოლარი/კგ) უკრაინასთან შედარებით (1.18). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის I კვარტალში, რუსეთიდან ექსპორტზე ფასების შემცირების მიუხედავად, რუსეთიდან იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის წილი მთლიანი იმპორტის 66.4%-მდე შემცირდა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ომის ეკონომიკური შოკითა და რუსეთის მიერ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ტარიფების დაწესებით.

“ბოლო ათწლეულის ჯამური იმპორტის ანალიზი ასევე გვიჩვენებს რუსეთზე მაღალ დამოკიდებულებასა და სასურსათო იმპორტის ბაზრის მაღალ კონცენტრაციას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხორბლის შემთხვევაში, რადგან ხორბლის იმპორტის 81% რუსეთიდან მოდის.

აღნიშნული პროდუქტების ბაზრებზე დივერსიფიკაციის ნაკლებობის გათვალისწინებით, საინტერესოა ამ პროდუქტების ზოგიერთი ძირითადი გლობალური ექსპორტიორის ხსენებაც. FAOSTAT-ის მიხედვით, აშშ და კანადა მოსდევს რუსეთს, როგორც უმსხვილესი ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები, თუმცა, ლოგისტიკური საკითხების გამო, სხვა მსხვილი ექსპორტიორები შეიძლება უფრო აქტუალური იყოს საქართველოსთვის, მათ შორის ყაზახეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი და უნგრეთი. ხორბლის ფქვილის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა თურქეთი, რომელსაც მოჰყვება ყაზახეთი. ორივე მათგანი შესაძლოა საინტერესო იყოს საქართველოს ბაზრისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი რუსეთისა და უკრაინის შემდეგ მზესუმზირის ზეთის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორისაა. თუმცა, მიუხედავად თურქეთის, როგორც სავაჭრო პარტნიორის მიმზიდველობისა, ადგილობრივი ბაზრის პირობების სტაბილიზაციის მიზნით, მან 2022 წლის მარტში დააწესა დროებითი საექსპორტო შეზღუდვები საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის მარცვლეულსა და ზეთზე”,-წერია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები