მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ადამიანს აქვს 600 ლარამდე ხელფასი - I კვარტლის სტატისტიკა

646cc108cc3b3
მარიამ ვარადაშვილი
23.05.23 17:56
4626

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომელთაც ხელფასი 0-599 ლარი ჰქონდათ 190 ათასი შეადგინა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მათი რიცხვი 37 ათასით, ანუ 16%-ით არის შემცირებული.

I კვარტალში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს 886 ათასი იყო, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით მათი რაოდენობა 25 ათასით [3%-ით] არის გაზრდილი. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტ ადამიანს, 284 ათასს ხელფასი 1200-2399 ლარის კატეგორიაში აქვს.

რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, 2023 წლის მარტში, ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით არის გაზრდილი.

ამას გარდა, 2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0- დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება ხელფასს, საქართველოში 2015 წლიდან 2022 წლამდე დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, იმავე პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა. საქსტატის თანხმად, ქვეყანაში ნომინალური ხელფასი 1592 ლარს შეადგენს, ინფლაციის გათვალისწინებით 1059 ლარია.

PMC-ის თანახმად, მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2022 წლამდე 34.7% იყო, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები