კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა. ამას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG-ინდექსის ბოლო შედეგები მოწმობს. კადრების დეფიციტის პრობლემა ბოლო რამდენიმე კვარტალია ყველაზე მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად მიიჩნევა.
სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა, განსაკუთრებით მძაფრად დასახელდა მშენებლობის სექტორის მიერ, ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტი, ვაჭრობის სექტორისთვის აღმოჩნდა ყველაზე კრიტიკული. რა ტიპის კადრებს ეძებენ ძირითადად შრომის ბაზარზე და რამდენად პრობლემურია სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინების პრობლემა, ამის შესახებ HR პროფესიონალთა გილდიის დირექტორმა ლილი ბიბილაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა.
ლილი ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საქართველოში აუდიტორთა გადინება შეინიშნება, ამის მთავარი მიზეზი კი ტექნოლოგიების განვითარება და უცხოურ ბაზარზე არსებული მაღალი ხელფასებია.
“ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა, გეოგრაფიული სიშორე შემაფერხებელი ფაქტორი აღარ ყოფილიყო. ბოლო დროს საქართველოში აუდიტორთა გადინება შეინიშნება, ისინი ფიზიკურად საქართველოში არიან, თუმცა, მათი დაქირავება მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებული ქვეყნებიდან ხდება, რაც ორივე მხარისთვის მოგებიანია - დამსაქმებელი შედარებით უფრო იაფ კვალიფიციურ კადრს პოულობს საქართველოში, მეორე მხრივ, დასაქმებულისთვის ხელფასი ბევრად მაღალია, ვიდრე არსებულ ბაზარზე შეთავაზებული ხელფასები, ამასთან დასაქმებულებს ბევრად უფრო მოქნილი გრაფიკი აქვთ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - დასძინა მან.
გილდიის დირექტორის აზრით, შრომის ბაზარზე თაობათა ზრდა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელმაც კადრების დეფიციტზე გავლენა იქონია.
"კვალიფიციური კადრების დეფიციტს განსაკუთრებით მტკივნეულად სამშენებლო სექტორი და საცალო წარმოება, კერძოდ სასურსათო წარმოების სექტორი განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია თავისას შვება და ბაზარზე ხელფასებმა აიწია, კადრების გადინება მაინც არ შეჩერებულა. ამასთან, დღეს შრომის ბაზარზე წამყვანი ძალა მაინც “Y თაობაა”, რომელმაც ბაზარზე დამკვიდრებული რეალობა ამოაყირავა - თუ აქამდე შრომის ბაზარზე წამყვანი როლი დამსაქმებელი იყო, დღეს მილენიალების ფასეულობებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, სიტუაცია სრულად შეცვლილია და წამყვანი როლი სამუშაოს მაძიებელს უკავია”,”, - დასძინა ბიბილაშვილი.
HR პროფესიონალთა გილდიის დირექტორი აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია განათლების გააზრებული სტრატეგია, რათა სამუშაოს მაძიებლებმა დამსაქმებლის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებული 2021 წლის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულ კომპანიათა 87% მთავარ პრობლემად უნარების დეფიციტს ასახელებს, რაც დაკავშირებულია განათლებასთან და სისტემასთან. ჩვენი სახელმწიფო ცდილობს გამოასწოროს სიტუაცია, სასწავლებლების განვითარების მიმართულებით დიდი თანხებია ჩადებული არ არის ურიგო, თუმცა ეს უნდა იყოს იმ მოთხოვნებზე დაფუძნებული, რომელიც არის საქართველოში და არა ზოგადად. აუცილებლად უნდა შემუშავდეს განათლების გააზრებული სტრატეგია, მისახედია უნარების დეფიციტი, განსავითარებელია ე.წ. “სოფთ სქილები”, რაც სკოლიდან მოყოლებული უნდა ისწავლებოდეს, ამასთან, ვინაიდან სწრაფად ცვლად გარემოში ვცხოვრობთ, შეუძლებელია არ დავასახელოთ ადაპტაციის უნარი, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს”, - დასძინა მან.