საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს უმიზნებს. ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ყველაზე მეტი 1.4 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, თითქმის 1.2 მილიარდით ლარში დენომინირებული, ხოლო ევროს ობლიგაციების ზომა მხოლოდ 121 მილიონი ლარია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ლარის ობლიგაციების წლიური განაკვეთი საშუალოდ 11-12%-ს შორის მერყეობდა, დოლარის შემთხვევაში კი 8-8.5% იყო.
მიკრობანკ MBC-ის წელს ჯამში ორი 60 მილიონი ლარის ობლიგაცია 12 პროცენტში აქვს გამოშვებული. საფინანსო ინსტიტუტის პორტფელში ამ დროისთვის მხოლოდ ლარის ობლიგაციებია, თუმცა როგორც მისი გენერალური დირექტორი გვეუბნება, ემისიებს უცხოურ ვალუტაშიც გეგმავენ. გია პეტრიაშვილი მომავალ წელს კაპიტალის ბაზრის ზრდას ელოდება, რადგან ის მსხვილი და საშუალო ბიზნესისთვის ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყაროა.
"წელს 60 მლნ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით ორ ტრანშად. პირველად გაზაფხულზე იყო 30 მილიონი და ახლაც 30 მლნ ლარი. აქედან ნაწილი ადრე გამოშვებული ობლიგაციების რეფინანსირება იყო, დიდი ნაწილი კი ახალი სახსრების მოზიდვა. მომავალშიც ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ეს იქნება კაპიტალის მოზიდვის საინტერესო ფორმა. ზოგადად, ყოველთვის გვინდა რომ სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს კაპიტალის ბაზარი, თუმცა საკმაოდ კარგ ზრდას ვადევნებთ თვალს", - ამბობს პეტრიაშვილი.
MBC-ის ობლიგაციების მყიდველი კომერციული ბანკებთან ერთად ქვეყნის საპენსიო ფონდიც არის. პეტრიაშვილის ინფორმაციით, მოთხოვნადია ე.წ მწვანე ობლიგაციებიც, რომლის მიმართ ინტერესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც გამოხატავენ.
“ამ ბოლო დროს ძალიან მოთხოვნადია ბაზარზე ე.წ მწვანე ობლიგაციები, რომელთაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მეტი ენთუზიაზმით ყიდულობენ, რადგან თანხებს, რომლის მოზიდვაც ობლიგაციების გამოშვების გზით ხდება გარკვეული მიზნობრიობა აქვთ. ისინი ძირითადად მიმართულია ისეთ ინდუსტრიებში, რომელიც არ აბინძურებს გარემოს, ხელს უწყობს ქალთა ბიზნესის გაძლიერებას და ა.შ. ანუ გარკვეული სოციალური დატვირთვაც აქვს ამას. რაც შეეხება მყიდველებს, ჩვენი ობლიგაციების მყიდველები ძირითადად არიან კომერციული ბანკები, ასევე საპენსიო ფონდი უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას ჩვენი ტრანშის შესყიდვაში, - ამბობს ის.
ვრცლად: 2.7 მილიარდამდე გაზრდილი ობლიგაციების ბაზარი - რა ზრდის ადგილობრივ კაპიტალის ბაზარს




























