2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის მდგომარეობით ქვეყნის აგროსექტორში ჯამში 900 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სახელმწიფო პროგრამებით თანადაფინანსება 295 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ პრემიერის წლიურ ანგარიშში წერია.
ანგარიშის სოფლის მეურნეობის განვითარების ნაწილი 2023 წელს ევროკავშირთან აგროპროდუქციის ექსპორტის გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრით იწყება: „2023 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს აღემატება 15%-ით. ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელმა 2023 წლის მონაცემებით 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომლითაც ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება.
მთავრობის ინფორმაციით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა. წლიური ზრდა 4%-ია. ასევე, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.4 მლრდ ლარით (102%) აღემატება. პრემიერის ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ 2023 წელს, სოფლად უმუშევრობის დონე გასულ წელთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი − 14.6% დაფიქსირდა.
რაც შეეხება, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობასა და სახელმწიფოს თანადაფინანსების წილს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, 2023 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7.5 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 2 მილიარდი ლარია.
„საანგარიშო პერიოდში [2023 წლის ივნისი - 2024 წლის მაისი], ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 900 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 295 მლნ ლარს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, 2023 წლის 1 ივნისიდან 29 თებერვლის მდგომარეობით, 6,167 ბენეფიციარზე გაცემულია, დაახლოებით, 800 მილიონი ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 148 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით, გაცემულია დაახლოებით 70 მილიონი ლარის ღირებულების 1,310 სესხი, სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 14 მილიონ ლარზე მეტს“, - წერია ანგარიშში.
პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავლის“ შედეგია.
„საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 26 მილიონი ლარით თანადაფინანსებულია 2,838 ჰა-ზე ახალი ბაღების გაშენება“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტშია გადაგზავნილი.
სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრისას, პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს ასევე პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში, ხელშეკრულება გაფორმდა 41 გადამმუშავებელი საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნობრიობით.
ამასთან, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით, ხორციელდება არაერთი პროგრამა. საანგარიშო პერიოდში: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა“ და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამების“ ფარგლებში, ჯამურად, 573 ბენეფიციარს 756 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტის შეძენა დაუფინანსდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას ითვალისწინებს, ამ კუთხით საანგარიშო პერიოდში 163 ათასი ლარით 16 ბენეფიციარი თანადაფინანსდა.