მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კეთდება ქვეყანაში „ხარისხიანი ინვესტიციების“ მოსაზიდად? - პრემიერის ანგარიში

პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზეა მობილიზებული. ამ ანგარიშით, რომელიც 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდს მოიცავს, მთავრობის მეთაური პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება, რა დროსაც პრემიერი იმ ნაბიჯებზე ისაუბრებს, რაც „ხარისხიანი ინვესტიციების“ მოსაზიდად იდგმევა.

„საქართველოს მთავრობა ფოკუსირებულია ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის ტრანსფერსა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნას. ამ მიმართულებით:

  • საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, გრძელდება მუშაობა „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომლის დებულებებიც თანხვედრაში იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და წაახალისებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. ახალი კანონით გადაიხედება არსებული საინვესტიციო პოლიტიკა, გაიზრდება ინვესტორთა უფლებების დაცვის არეალი და შეთავაზებული იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლით გათვალისწინებული გარანტიები. რეფორმის ფარგლებში, მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA), რომლითაც სიღრმისეულად გაანალიზდება ახალი რეგულაციის შესაძლო გავლენა ბიზნესსექტორზე. კანონპროექტზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, ხოლო მისი საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენა იგეგმება 2024 წლის საშემოდგომო სესიაზე;
  • სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში მიერ, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 3 ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 4 მილიონი აშშ დოლარია. პროექტების განხორციელების შემდეგ 200-ამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. ახალი პროექტები დაიწყო მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, IT-სა და ბიზნესსერვისების ცენტრის სფეროებში;
  • გაფართოვდა პროგრამა, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთ წარმომადგენლობითი კომპანიების ჩართულობას საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამ მიმართულებით დაქირავებულია ორი საერთაშორისო კომპანია (Waveteq და OCO Global), რომლებიც სქართველოს საინვესტიციო გარემოს აცნობენ საერთაშორისო კომპანიებს და ეხმარებიან სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვაში. აღნიშნულ პერიოდში ინფორმაცია მიეწოდა 1,000-ზე მეტ კომპანიას და გაიმართა 40-ამდე შეხვედრა;
  • სააგენტოს მიერ გრძელდება მუშაობა საინვესტიციო კონსულტანტებისა და სკაუტებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით. საანგარიშო პერიოდში გაიმართა გაცნობითი ტური, რომლის ფარგლებში სააგენტომ უმასპინძლა კიდევ 5 კონსულტანტს;
  • საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით, სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 16 გამოფენასა და კონფერენციაში, რომელთა ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა 350 კომპანიასთან;
  • მუშაობა გრძელდება და მოკლე ვადაში დასრულდება სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებსა და აქტივობებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში", - ნათქვამია პრემიერის ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ საანგარიშო პერიოდში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან (კანადა, კორეის რესპუბლიკა) გაიმართა ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების სამი რაუნდი (ორი კანადასთან, ერთი კორეის რესპუბლიკასთან). ასევე უნგრეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმებებზე წარმატებით დასრულდა მიმდინარე წლის აპრილში, რის შედეგადაც შეთანხმება მზად არის ხელმოსაწერად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები