მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ თვეში ძაღლებზე ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

5e2033b919acd
BM.GE
16.01.20 13:57
1130
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მეპატრონეებს, შინაური ცხოველებისთვის ცოფზე აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელ დიღომში და ვაზისუბანის დასახლებაში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტაროს ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად.

განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.

ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის.

2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს ერთობლივად განახორციელებენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით", – ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები