ავტოიმპორტიორების ნაწილი სახელმწიფოს სთხოვს, რეექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიებაში დაეხმაროს. მათი თქმით, უკრაინა, რომელიც საქართველოსთვის ბოლო წლების განმავლობაში ავტომობილების რეექსპორტის კუთხით ტოპ–სამეულში შედიოდა, დღეს სრულად გაჩერებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე ავტოიმპორტიოთა კავშირში აცხადებენ, რომ დღეს მთავარი აქცენტი რეექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიებაზე უნდა გაკეთდეს. ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ინდუსტრიის განვითარება შეჩერდება და ბაზარს კიდევ არაერთი იმპორტიორი დატოვებს.
“ავტოიმპორტიორების 30%-მა ბოლო ერთ წელიწადში ბაზარი დატოვა. ეს ადამიანები დღეს არიან უმუშევრები. 2019 წლიდან მოყოლებული ჩვენ სულ ასე დავრბივართ, სულ ვართ პრობლემებში და ეს მდგომარეობა ვერ დალაგდა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთან დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და შემდგომ შევადგინოთ სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. რეექსპორტის მიმართულებით უნდა მოვიძიოთ ახალი პარტნიორები და ბაზრები. არ უნდა გავჩერდეთ: პირობითად თუ ყაზახეთი უარს გვეტყვის, გადავიდეთ უზბეკეთზე; უზბეკეთიც თუ უარს გვეტყვის – გადავერთოთ ბელგიაზე და ა.შ.”-აცხადებს ავტოიმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე ლაშა დარბაისელი.
ცნობისთვის, გასული წლის მდგომარეობით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 456 მილიონ დოლარს გადააჭარბა, აქედან ქართული ბაზრისთვის გასაღების მთავარი ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც 248 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. უკრაინას კი საექსპორტო ქვეყნებს შორის 88 მლნ აშშ დოლარით მეორე ადგილი უჭირავს.