მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის მსოფლიოს უდიდესმა პლატფორმამ, ამერიკულმა Copart-მა ფისკალური 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნდა. გასულ სამ თვეში, Copart-მა $1.15 მილიარდის შემოსავალი და $362.1 მილიონის წმინდა მოგება მიიღო — შემოსავლის კუთხით, წლიური ზრდა 12.4%-ია, მოგებამ კი საანგარიშო პერიოდში 8.9%-ით იმატა. კვარტალური შედეგები მოლოდინებთან თანხვედრაში იყო, ხოლო შემოსავლის კუთხით კომპანიამ ანალიტიკოსების პროგნოზს აჯობა — შედეგად, Copart-ის აქციების ფასი ერთ დღეში 8.3%-ით გაიზარდა, მაგრამ ზრდა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.
როგორც Copart-ის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, კომპანიის შემოსავლის უდიდესი ნაწილი სერვისების ბიზნესიდან ფორმირდება, რაც აუქციონების პლატფორმის გამოყენების საფასურს, სხვადასხვა საკომისიო გადასახადს და საწყობის თუ ავტომობილის შემოწმების მსგავს სერვისებს აერთიანებს. გასულ სამ თვეში, ამ სერვისებით, Copart-მა $986.3 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 14.8%-ით მეტია, ვიდრე შარშან. ავტომობილების გაყიდვით Copart-მა წინა კვარტალში $160.5 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად მცირედით, კერძოდ 0.2%-იან კლებას წარმოადგენს. შემოსავლის წყაროებს შორის დისბალანსი იმით აიხსნება, რომ Copart-ზე ავტომობილებს, უფრო ხშირად, მესამე პირები ყიდიან, ვიდრე თავად კომპანია.
მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის ბაზარზე Copart-ი ყველაზე დიდი მოთამაშეა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $61.4 მილიარდს აღემატება. Copart-ის დომინანტობას კომპანიის გეოგრაფიული მოცვა და გამართული ბიზნესმოდელი განაპირობებს. ამერიკული კომპანია თერთმეტ ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 250-ზე მეტი ოფისით და სასაწყობე მეურნეობით არის წარმოდგენილი. ამ დროისთვის, Copart-ზე მილიონზე მეტი მომხმარებელი არის რეგისტრირებული, რომლებიც 185 ქვეყანას წარმოადგენენ. კომპანიის ბიზნესმოდელი სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობას ეფუძნება, რადგან Copart-ზე უმეტესწილად დაზიანებული და ჩამოფასებული, ხშირად ე.წ. “გატოტალებული” ავტომობილები იყიდება.
მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის პლატფორმებს შორის მეორე ადგილს ასევე ამერიკული Carvana იკავებს, მაგრამ ამ კომპანიას ინვესტორები $30.3 მილიარდად აფასებენ, ანუ ის Copart-ზე ორჯერ მცირეა. გლობალურ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ამერიკული CarMax-ი ($12.6 მილიარდი), ავსტრალიური Carsales-ი ($10.15 მილიარდი) და ამერიკული AutoNation-ი ($6.83 მილიარდი). საერთო ჯამში, ამ ბაზარზე საჯაროდ განთავსებული 23 კომპანია ოპერირებს, რომელთა ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $144 მილიარდია. სხვადასხვა მონაცემებით, მეორადი ავტომობილების გლობალური ბაზრის ზომამ გასულ წელს $1.75 ტრილიონი შეადგინა. არსებობს პროგნოზი, რომ 2032 წლისთვის, ბაზარი $2.95 ტრილიონამდე გაიზრდება.
ამერიკული Copart-ი ერთ-ერთი ის პლატფორმაა, რომელსაც საქართველოში საკმაოდ ხშირად იყენებენ. ბოლო წლებში, მეორადი ავტომობილები საქართველოს მთავარ საიმპორტო და საექსპორტო საქონლად ჩამოყალიბდა. გასულ წელს, საქართველოში $3.3 მილიარდის ღირებულების 219,638 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, ანუ ერთი ავტომობილის საშუალო ფასი $15,130-ის ტოლია. გასულ წელს, ყველაზე დიდი ღირებულებით მეორადი ავტომობილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა — საუბარია $1.9 მილიარდის ღირებულების 155,624 ავტომობილზე. ამგვარად, აშშ-დან იმპორტირებული ერთი ავტომობილის საშუალო ფასი $12,400-ის ტოლია. გამომდინარე იქიდან, რომ ავტოიმპორტიორები ყველაზე ხშირად Copart-ის პლატფორმაზე ვაჭრობენ, საქართველოში ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ Copart-ზე არის ნაყიდი.