პროდუქტების გამოწერის, იგივე "დელივერის" სერვისი, ბოლო წლებში, საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. პროდუქტების მიწოდების დროს, კომპანიები, როგორც წესი, საკუთარ ბრენდს იყენებენ, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ისინი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Quickshipper-ის მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დგანან, რომელიც კომპანიებს შეკვეთების მიტანის მენეჯმენტს უმარტივებს.
“შეკვეთის გაფორმება ძალიან მარტივია, რისთვისაც ორი მონაცემი გვჭირდება - ის, თუ სად უნდა მივიდეს კურიერი და ისიც, თუ სად უნდა წაიღოს მან ამანათი. თუკი კომპანიას დამატებითი ინფორმაციის მითითება სურს, ეს უკვე კომპანიაზე არის დამოკიდებული. შეკვეთის გაფორმების მომენტში, ყველა ბიზნესი რეალურ დროში ხედავს, თუ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ საკურიერო კომპანიას შეკვეთის დასასრულებლად და რა დაუჯდება ეს სერვისი თავად კომპანიას. შემდეგ კი, საკურიერო კომპანიის არჩევა მომხმარებელს იქვე, ერთი ფანჯრიდან შეუძლია”, - განაცხადა მარიამ ახვლედიანმა TECH INFORM-ში.
როგორც QuickShipper-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მარიამ ახლვედიანმა TECH INFORM-ში განაცხადა, კომპანია ერთი წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 300-მდე ქართული კომპანია მას უკვე ენდობა.
“QuickShipper-ი ციფრული პლატფორმაა და ჩვენი მიზანია, ბიზნესები, რომელთაც პროდუქტებს ყიდიან და მომხმარებლებს მიწოდების სერვისს სთავაზობენ, სხვადასხვა გლობალურ და ადგილობრივ საკურიერო კომპანიებს დავაკავშიროთ.
QuickShipper-ი სულ რაღაც ერთი წლის წინ დავიწყეთ, მაგრამ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პლატფორმას 300-მდე კლიენტი უკვე იყენებს. მათ შორის ისეთი კომპანიებიც არიან, როგორიცაა “ველი”, “გუდვილი”, “ისი-პარი”, “ზუმერი” და “დრესაპი”, - განაცხადა მარიამ ახლვედიანმა TECH INFORM-ში.
ტექნოლოგიური კომპანია, როგორც ჩანს, აქ არ ჩერდება, რადგან შეკვეთების სპეციალური პორტალის მეშვეობით განთავსებასთან ერთად, QuickShipper-ი მომხმარებლებს API-ინტეგრაციასაც სთავაზობს, რისთვისაც ქართულმა კომპანიამ პარტნიორობა ელექტრონული კომერციის გიგანტთან, Shopify-ისთან დაიწყო.
“კომპანიები, როგორც წესი, საკუთარ ვებგვერდებს სხვადასხვა პლატფორმებზე აწყობენ, იქნება ეს - WooCommerce-ი, WordPress-ი თუ Shopify-ი. Shopify-ის ფლაგ-ინის დამზადება და ამ კომპანიასთან ინტეგრაცია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც ეს საქმე საკუთარ თავზე ავიღეთ და Shopify-ისთან ინტეგრაცია თავად გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ მაღაზიას, რომელსაც საკუთარი ვებგვერდი Shopify-ზე აქვს აწყობილი, QuickShipper-ის აპლიკაციის ინსტალაცია საკუთარ ვებგვერდზე შეუძლია.
თან, საინტერესო ისაა, რომ ეს ინტეგრაცია გარკვეულ რესურსს გამყიდველის მხარესაც განტვირთავს, რადგან როცა ისეთ ვებგვერდზე შედიხართ, რომელიც Shopify-ზე არის აწყობილი, თავად ირჩევთ, შეკვეთას რომელიც საკურიერო კომპანია მოგიტანთ. ეს არჩევანი მყიდველის მხარეს გადადის, ანუ ბიზნესს ამ გადაწყვეტილების მიღება არ უწევს”, - განაცხადა მარიამ ახვლედიანმა TECH INFORM-ში.