ბოლო წლებში, საქართველოს ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში მოქმედი სტარტაპების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ამაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს უახლესი სტატისტიკაც მეტყველებს, რომლის თანახმად, თანადაფინანსების გრანტების განმცხადებელთა შორის ყველაზე მეტი, სწორედ ამ სექტორს წარმოადგენს.
ერთ-ერთი განსაკუთრებული სტარტაპი, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით ოპერირებს - QuickShipper-ია, რომელმაც ოპერირება ერთი წლის წინ დაიწყო, მაგრამ ამ მოკლე დროში, საქართველოში 300-მდე კლიენტის გადმობირება შეძლო, მათ შორის ისეთი დიდი კომპანიების, როგორიცაა “ველი”, “გუდვილი” და “ზუმერი”. იმ ზრდაში, რომელიც QuickShipper-მა ბოლო პერიოდში განიცადა, დიდი წვლილი ევროპული ვენჩურული ფონდისგან, New Nordic Ventures-ისგან მოზიდულმა ინვესტიციამ ითამაშა.
თუმცა ადგილობრივ ბაზარზე განვითარების პარალელურად, QuickShipper-ის გუნდი საერთაშორისო გაფართოებასაც გეგმავს. ამ ეტაპზე, კომპანიის მიერ შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას უკვე იყენებენ სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ QuickShipper-ის ვექტორი აღმოსავლეთ ევროპას უყურებს და ამ მხრივ, როგორც ჩანს, დიდ როლს სწორედ ევროპული პარტნიორი ითამაშებს.
ამ ეტაპზე, სრულად ვმუშაობთ საქართველოში, მაგრამ სომხეთის ბაზარზეც შევედით და მომხმარებლები ბაქოშიც გვყავს, ანუ რეგიონის ათვისებასაც ვცდილობთ. სომხეთში, სხვათა შორის, ელექტრონული კომერცია ისეთივე ტემპით ვითარდება, როგორც საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ამ ბაზარზეც ისეთივე შედეგებს დავდებთ, როგორც ჩვენთან, ოღონდ უფრო მალე, ვიდრე ეს საქართველოში მოხდა.
საინვესტიციო რაუნდი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყეთ, როცა კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო. ეს თანხა, რომელიც ე.წ “Pre-Seed” რაუნდის შედეგად მოვიზიდეთ, პირველ რიგში, საქართველოს ბაზარზე კლიენტების რაოდენობის გასაზრდელად გამოვიყენეთ, რაც ჩვენი პროექტის და მასზე არსებული მოთხოვნის დადასტურება იქნებოდა და ეს ასეც მოხდა, რადგან ბევრ კომპანიასთან უკვე ვთანამშრომლობთ, ხოლო საკურიერო კომპანიებს ჩვენთან ინტეგრაცია სურთ.
უშუალოდ New Nordic Ventures-ისგან ინვესტიცია კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ფონდი ევროპულია, რაც პირდაპირ ემთხვევა ჩვენი გუნდის ხედვას. საქართველოს და რეგიონის ქვეყნების სტარტაპების სტრატეგია, როგორც წესი, პროდუქტის განვითარების შემდეგ რეგიონში გაფართოებას გულისხმობს, რაც ლოგიკურიცაა, რადგან შესაძლებლობა მეტი გაქვს, ხოლო პროდუქტი უფრო იაფი გიჯდება, ანუ დატესტვა უფრო მარტივია. თუმცა ჩვენი ხედვა, პირველი დღიდან საერთაშორისო პროდუქტის შექმნას გულისხმობდა, რომელიც ქვეყანას და რეგიონს გასცდებოდა და ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გავიდოდა.
ამ საინვესტიციო რაუნდის დასახურად შედარებით დიდი დრო დაგვჭირდა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ სწორ ინვესტორს ვეძებდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი ინვესტორი გვეპოვა, რომელიც ევროპის ბაზარზე გასვლაში დაგვეხმარებოდა და ეს ასეც მოხდა”, - განაცხადა QuickShipper-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მარიამ ახვლედიანმა TECH INFORM-ში.