კერძო ავტოიმპორტიორების საჩივრის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ “რუსთავის ავტობაზრობის” მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
საქმე ისაა, რომ, ავტოიმპორტიორების განცხადებით, რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე სადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ ბაზრობის ადმინისტრაცია არასამართლიანად მაღალ გადასახადს აწესებს - ავტოიმპორტიორთა მოთხოვნების შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში “ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე საუბრობს. მისი თქმით, ვიდრე ავტოიმპორტიორები კონკურენციის სააგენტოს მიმართავდნენ, მათ ავტობაზრობის ადმინისტრაციასთან სცადეს მოლაპარაკება.
“მოთხოვნა ერთი იყო, რომ გაზრდილი ფასები შემცირებულიყო. ავტოიმპორტიორები ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან. ავტომობილების თვითღირებულებას ძალიან ზრდის ბაზრობისთვის გადასახადების ოდენობა და, ფაქტობრივად, ავტომობილის ფასსაც ვერ წევენ ზემოთ, იმიტომ რომ მოთხოვნა მცირდება. ისინი იძულებულები არიან, მოგების ხარჯზე, ბაზრობას გადასახადები გადაუხადონ.
ავტოიმპორტიორებმა კონკურენციის სააგენტოს მიმართეს განცხადებით, სადაც ნათლადაა პრობლემა აღწერილი, თუ როგორ მიდიან ზარალში ისინი. პირობითად, თუ ავტომობილი უღირდათ $13 000, მისი $11 000-ად გაყიდვა მოუწიათ და მნიშვნელოვანი წილი ბაზრობას გადაუხადეს. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ადმინისტრაციას გადასახადების შემცირება, რადგან სხვანაირად ავტოიმპორტიორი გაკოტრდება და გადახდას საერთოდ ვეღარ შეძლებს”, - ამბობს ალექსი ნონიაძე.
მისი თქმით, თავდაპირველი მოლაპარაკებების შედეგად, ადმინისტრაციამ საბაჟო ტერმინალზე ფასები შეამცირა, თუმცა სადგომებისა და საოფისე ფართების ქირის ფასები გაზარდა, რითაც ავტოიმპორტიორთა ხარჯი კიდევ უფრო გაიზარდა.
“საბაჟო ტერმინალზე ყოველდღიური გადასახადი 15 ლარი იყო. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად დაწიეს და 10 ლარი გახდა. სამაგიეროდ, ჩვეულებრივი სადგომები, რომლებიც 7 ლარი ღირდა დღეში, გახადეს - 10 ლარი. ავტოიმპორტიორებს ერთი ავტომობილი თუ საბაჟოზე ყავთ, მეორე გზაშია, მესამე ტექნიკურ მომსახურებას გადის, მეოთხე კი სადგომზე უყენია - ყველა ეტაპზე მინიმუმ თითო ავტომობილი ჰყავს და თუ ერთ ეტაპზე გადასახადი დაუკელი, მაგრამ სხვაზე მოუმატე, ხარჯები არათუ მცირდება, არამედ იმატებს. ოფისებიც, რომლებიც ადრე 250 ლარი ღირდა თვეში, ახლა 1000 ლარი ღირს”, - განმარტავს ალექსი ნონიაძე.
ასოციაცია 242 კერძო ავტოიმპორტიორს წარმოადგენს, რომელთა მოთხოვნაც თავდაპირველი ტარიფების ეტაპობრივი განახევრებაა.
ცნობისთვის, კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, კონკურენციის სააგენტოში უკვე შეიქმნა მოკვლევის ჯგუფები, რომლებსაც საკითხის შესწავლა დაევალათ.