მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სანქცია, რუსეთში ევროპული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, ძალაში შევიდა, საქართველოდან ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. სექტემბრის თვეში ყირგიზეთში 2 139 ავტომობილი გავიდა, რომელთა მთლიანმა ღირებულებამ $71.4 მლნ-ი შეადგინა. წლიურ ჭრილში ეს 850%-იანი ზრდაა.
არსებობს ალბათობა, რომ შუალედური მყიდველების გავლით, ყირგიზეთიდან ავტომობილები რუსეთის ბაზარზე შედის. ამ საკითხზე BMGTV-ის ეთერში საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე, “ანალიტიკას” ეთერში საუბრობს.
“ბუნებრივია, ეს საკითხი ყურადღებამისაქცევია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა რეალური და გადამოწმებული განცხადებებია საჭირო, სხვანაირად, განცხადებები მოლოდინებზე ნეგატიურად მოქმედებს.
ბიზნესი იძულებულია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოერგოს. თუმცა პრობლემა ბიზნესის გადაწყობაში არ არის, პრობლემა გაურკვეველი მდგომარეობაა. არასტაბილურობის შეგრძნება ნეგატიურ მოლოდინებს იწვევს, ეკონომიკის ყველა დარგი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, როდესაც ერთ მნიშვნელოვან დარგს პრობლემა ექმნება, დანარჩენ მოსახლეობასაც შეეხება ეს პრობლემა ჯაჭვური პრინციპით”, - ამბობს ალექსი ნონიაძე.
მისი თქმით, რუსეთისათვის ჩინეთის დიდი ბაზარი ღიაა, შესაბამისად, სანქციების ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“რომ ავიღოთ საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში გასული ავტომობილების რაოდენობა - ის მოსკოვის გარშემო ოლქის მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს, დიდი და პერსპექტიული ჩინეთის ბაზარი კი რუსეთისთვის თავისუფალია. ჩვენ შეგვიძლია ჩავიკეტოთ, აღარ ვიქნებით ჰაბი, მაგრამ რუსეთი მაინც მიიღებს ავტომობილებს საიდანაც იღებს.
როგორც რიგითი მოქალაქე, უკრაინას ვუჭერ მხარს, მაგრამ როგორც ეკონომისტს, კითხვები მიჩნდება: თუ შეზღუდვებსა და ზარალზე უნდა წავიდეს ჩვენი დარგი და ქართულმა ეკონომიკამ რაღაც უნდა დათმოს, რადგან თავად დასავლეთიც ძალიან ბევრს თმობს, რამდენად ეფექტურია ეს გადაწყვეტილებები? საერთო სურათიდან უნდა დავინახოთ ყველაფერი და არა მხოლოდ საქართველოდან”, - ამბობს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია $67 მლნ-ის ღირებულების 4 951 ავტომობილი. სექტემბრის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ $300 ათასის ღირებულების 26 ავტომობილი იყო.