2023 წელი ავტოიმპორტიორებისათვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა - ევროკავშირმა სანქციების 11-ე პაკეტით რუსეთში ავტომობილების ექსპორტი შეზღუდა, რაც საქართველოსაც შეეხო. თუ მანამდე ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციაში მილიონობით დოლარის ღირებულების ათასობით ავტომობილი გადიოდა, სექტემბრის შემდეგ ეს მაჩვენებლები რამდენიმე ათას დოლარსა და ოცდაათამდე ერთეულზე ჩამოვიდა - ამ ყველაფერზე მედიასთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე საუბრობს.
“იყო შესაძლებლობები და გამოწვევები, სამწუხაროდ შესაძლებლობები უფრო ნაკლები, გამოწვევები - უფრო მეტი. ეს ეხება სანქციების მე-11 პაკეტს, შეზღუდვებს როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, ეს ეხება ჭარბ მიწოდებასაც, ასევე თვითღირებულების კომპონენტში ფასის ზრდას, რამაც კაპიტალბრუნვის ზრდა და მოგების შემცირება გამოიწვია.
ეს დარგი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ის, როგორც ადრე, თავს გაართმევს ყველაფერს და გავა იმ სიმაღლეებზე რაზეც იყო, დაასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს”, - აცხადებს ალექსი ნონიაძე.
ცნობისთვის, 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტიც იკრძალება, რაც ბიზნესისათვის დამატებით გამოწვევებს აჩენს.
1 იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება - რა კითხვები აქვს ბიზნესს?