ავტომობილებზე ექვსწლიანი ასაკობრივი ცენზის შესაძლო დაწესებამ ავტოიმპორტიორებსა და დილერებში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაცია ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს დახურავს და მოსახლეობის დიდ ნაწილს ავტომობილის განახლების შესაძლებლობას შეუზღუდავს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აქლესი ნონიაძე "საქმიან დილაში" საკითხზე საუბრისას აცხადებს, განსაკუთრებული შეშფოთება უკავშირდება რეექსპორტის მიმართულებას, რადგან რეექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი რისკიანია და ხშირად საჭიროებს მანქანის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. ახალი შეზღუდვების პირობებში, შვიდი ან მეტი წლის ავტომობილის ქვეყანაში რეგისტრაცია შეუძლებელი გახდება, რაც ბიზნესს დამატებით ფინანსურ რისკებს შეუქმნის.
მათივე შეფასებით, რეგულაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს დასაქმებაზეც. სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კომპანიების 30–40% შესაძლოა ბაზრიდან გავიდეს, ხოლო დილერების ნაწილს სამუშაო ადგილების შემცირება მოუწიოს. მათი თქმით, ეს პროცესი არა მხოლოდ ავტოსფეროს, არამედ მთლიანად ეკონომიკას დააზარალებს, რადგან სატრანსპორტო ხარჯების ზრდა საბოლოოდ პროდუქციის ფასზეც აისახება.
ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს გარე მოთამაშეებს და ქმნის საფრთხეს, რომ ქართული ბაზარი ეტაპობრივად აღმოჩნდეს ყაზახური და ყირგიზული კომპანიების გავლენის ქვეშ, რაც პრაქტიკულად ბუნებრივი მონოპოლიის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
"რეექსპორტს პირდაპირ არ შეეხება, მაგრამ გავლენას მაინც იქონიებს. რეექსპორტზე ორიენტირებული ავტოიმპორტი თავისთავად რისკიანი ბიზნესია. იმპორტიორს ხშირად მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში უწევს ავტომობილის გზაში და ბაზარზე ყოფნა, სანამ ის საბოლოო მყიდველს იპოვის. ამ პროცესში არსებობს მრავალი გამოწვევა — ლოგისტიკური, ფინანსური და საბაზრო რისკები.
ამ ბიზნესის ერთგვარი „დაზღვევის მექანიზმი“ ის არის, რომ თუ ავტომობილი რეექსპორტზე ვერ გავიდა, იმპორტიორს შეუძლია ის ქვეყანაში განაბაჟოს და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს. სწორედ ეს ქმნის მინიმალურ უსაფრთხოების ბალიშს ბიზნესისთვის.თუმცა ექვსწლიანი ცენზის პირობებში ეს მექანიზმი ფაქტობრივად ქრება. წარმოიდგინეთ, იმპორტიორმა შეიძინა შვიდი წლის ავტომობილი, შემოიყვანა ქვეყანაში, მაგრამ რეექსპორტზე მისი გაყიდვა ვერ მოახერხა. ასეთ შემთხვევაში ის შეძლებს განბაჟებას, გადაიხდის შესაბამის თანხას, მაგრამ რეგისტრაციას ვერ გაივლის, რადგან ასაკობრივი შეზღუდვა ამას არ დაუშვებს. შედეგად, მანქანა ფაქტობრივად გაყინულ აქტივად იქცევა.
გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაზარზე აქტიურად გამოჩნდნენ ყაზახი და ყირგიზი მოთამაშეები, რომლებიც სერიოზულ კონკურენციას უწევენ ქართულ კომპანიებს. ახალი რეგულაციის პირობებში რისკი კიდევ უფრო იზრდება: თუ იმპორტიორს შვიდწლიანი ავტომობილი დაუგროვდა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაცია შეუძლებელია, კონკურენტები დაელოდებიან საშეღავათო პერიოდს და შემდეგ იძულებულს გახდიან მანქანა მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდოს“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, ხუთ წლამდე ავტომობილი მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს ჰყავს, დანარჩენი 95% კი შედარებით ძველი ავტომობილებით გადაადგილდება. იმპორტიორების შეფასებით, ასაკობრივი შეზღუდვა განსაკუთრებით იმ მომხმარებლებს დააზარალებს, რომლებიც ძველი ავტომობილის შედარებით ახალი, თუმცა მეორადი მანქანით ჩანაცვლებას განიხილავს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას ამბობს, რომ დადგენილების ამოქმედების შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების ფასები გაიზრდება, მათ შორის იმ სეგმენტშიც, რომელიც შეზღუდვას არ ექვემდებარება.
„როდესაც ცენზს ვაწესებთ ავტომობილებისათვის, ე.ი. შემოყვანას ვერ მოვახერხებთ, ხომ? ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასები გაიზრდება და ფასები გაიზრდება ძველ ავტომობილებზეც. ჩვენ რაღაც გარკვეულ სეგმენტს ვკეტავთ და არ ვაძლევთ მოსახლეობას საშუალებას, რომ თავისი ძველი ავტომობილი გამოცვალოს. სტატისტიკა ამბობს, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, 95%-ს ჰყავს 5 წელზე ძველი ავტომობილი, ეს რას ნიშნავს, რომ არ აქვთ მათ საშუალება უკეთესი ჰყავდეს თორემ 15 და 20 წლიანი ავტომობილებით ხომ არ ივლიდნენ?
ამ სეგმენტს ვკეტავთ, ფაქტობრივად, ბაზარს ვკეტავთ, იმპორტს ვკეტავთ. უკეთესი მეორადით ჩანაცვლების საშუალებას ვკეტავთ. ამის შედეგი იქნება ის, რომ დროთა განმავლობაში, ავტოპარკი არათუ განახლდება, არამედ კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა ნონიაძემ.
ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ ავტომობილის ასაკი ავტომატურად უფრო მაღალ გამონაბოლქვს და გარემოს მეტ დაბინძურებას არ ნიშნავს. მთავარი ტექნიკური მდგომარეობა და გამონაბოლქვის რეალური მაჩვენებლებია.
„გაიზრდება ექსპლუატაციის ვადა და შედეგად მივიღებთ იმას, რომ ჰაერის გაუმჯობესება კი არ მოხდება, პირიქით, ჰაერი გაუარესდება. ავტომობილის მდგომარეობა უნდა განისაზღვროს და არა მხოლოდ ასაკი. შეიძლება ხუთი წლის მანქანა უფრო მეტად აბინძურებდეს გარემოს, ვიდრე, მაგალითად, იგივე 10 წლის ავტომობილი გააჩნია რა აქვს მას მოთხოვნაში და რა სტანდარტს აკმაყოფილებს", - ამბობს ნონიაძე.




























