მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთი წელი 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე - ღარიბაშვილი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღეს ქვეყნისა და ევროკავშირისთვის ისტორიულია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს გაცემული რეკომენდაცია ქართული ოცნების მთავრობის დაუღალავი მოლოდინის შედეგია.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, ისტორიული დღეა და ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, განსაკუთრებული მადლობა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია.

რა თქმა უნდა, ეს პერიოდი ძალიან დატვირთული იყო და ემოციური თვალსაზრისითაც საკმაოდ დატვირთული იყო. რადგან ჩვენ ძალიან უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს მადლობა გადავუხადო, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვინაიდან ეს ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ დადებითი და რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს. მადლობა მინდა გადავუხადო შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს. მე ერთი თვის წინ მქონდა გარდამტეხი საუბრები ამერიკელ მეგობრებთან. მინდა გამოვყო ბატონ სალივანთან შეხვედრა და მადლობა მინდა გადავუხადო მას.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თუ რაიმეს დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ და დავხურეთ ეს რეკომენდაციები, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მოგვცეს.

მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, რადგან ეს აღიარება და ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს ეკუთვნის, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება წარმოადგენს.

ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ დიალოგს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა და პროვოკაციისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა. გაიმარჯვა სიმართლემ.

შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, როცა საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამსახურებულად მივიღეთ დღევანდელი დღე. მჯერა დეკემბერში დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოდ გაფორმდება, ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი ქვეყანა სხვა რეალობაში აღმოჩნდება. ეს ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯია.

დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას ჩვენი 11-წლიანი მმართველობის დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელია, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, ევროპეიზაციის 10 წელი - შეიძლება ამ 10-წლიან პერიოდს ასე ვუწოდოთ. რადგან თუ რომელიმე ხელისუფლებამ და მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა ევროპეიზაციის გზაზე, ეს „ ქართული ოცნებაა“. ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა და ახლა კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში მჯერა რომ გაფორმდება.

ეს ვერ მოხდებოდა და ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ მოეხდინა ისტორიული, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს - ქართულ ოცნებას, რომლებიც ვაგრძელებთ ამ დიდ საქმეს.

ეს ჩვენთვის წამახალისებელია და მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება, რომ გასცა სტატუსთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია. ჩვენი საბოლოო მიზანი ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაციაა ევროკავშირში, წევრობა, რასაც რა თქმა უნდა გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება და ეს არ არის 1 და 2-წლიანი პროცესი, რომელსაც ხალხის კონსოლიდაცია და მთავრობის ეფექტიანი მმართველობა გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები