საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ორი დღით ადრე, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულან ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს.
პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის ის ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირის ოჯახის წევრად გახდომას ახლავს თან და აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს 8 ნოემბერს საქართველოსთვის გაწეული რეკომენდაციებისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კანდიდატის მინიჭების გადაწყვეტილებით საქართველოს გვერდით დგომას გააგრძელებს.
„ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს
ქალბატონო პრეზიდენტო,
პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის.
ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი.
საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. გვახარებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან პროგრესული შესაბამისობის მიმართებით.
უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის.
საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის - ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის.
ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში.
კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან.
თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება.
პატივისცემით, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში.