მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა სარგებლობა მოაქვს მას?

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ევროკავშირის კარები გასულ წელს სანახევროდ კიდევ სამი სახელმწიფოსთვის გაიღო, ესენია: ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა. ეს კარები სანახევროდ იმიტომ გაიღო, რომ ამ სახელმწიფოებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ანუ დასტური იმისა, რომ მომავალში, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, ისინი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდებიან.

როგორც იცით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ სტატუსის ნაცვლად, თორმეტპუნქტიანი გეგმა და დაპირება მივიღეთ. ევროკავშირმა გვითხრა, რეკომენდაციები შეასრულეთ და წლის ბოლოს, საქართველოს ამბავს კიდევ ერთხელ მოვუბრუნდებითო. ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ამ დრომდე რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი შესრულდა, ზოგიერთი კი ჯერაც შეუსრულებელია.

დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. თუმცა საზოგადოებაში მაინც არ წყდება საუბარი იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა და როგორ შეიძლება ამ სტატუსით ვიხეიროთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, დღეს ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად მოგვეყოლა.

რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

დღეისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რვა ქვეყანას აქვს მინიჭებული, მათ შორისაა ჩვენი მეზობელი თურქეთიც, რომელმაც კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. თურქეთის გაწევრიანება, წესით, ორივე მხარისთვის სასარგებლო უნდა იყოს. მოგეხსენებათ, თურქეთის ეკონომიკის მოცულობა 905 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად ქვეყანაში 85 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ასეთი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანება, ცხადია, ევროპულ სახელმწიფოებსაც აწყობთ, თუმცა პრეზიდენტ ერდოღანს სხვა გეგმები აქვს.

თურქეთის შემდეგ, ევროკავშირის კარები ნაწილობრივ კიდევ რამდენიმეჯერ გაიხსნა, მაგალითად: 2005 წელს, როცა კანდიდატის სტატუსი მაკედონიამ მიიღო; 2010 წელს, როცა ეს სტატუსი მონტენეგროს ერგო; 2012 წელს, როცა სტატუსი სერბეთმა და ალბანეთმა გაინაწილეს; და 2022 წელს, როცა კანდიდატი ქვეყნების სიაში ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა მოხვდნენ.


თუკი კანდიდატი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სამეულში თურქეთი, უკრაინა და სერბეთი ლიდერობენ, თუმცა საქართველოს ეკონომიკა კანდიდატის სტატუსის მქონე ხუთ სახელმწიფოს უსწრებს, ანუ ამ მიმართულებით საქმე ცუდად ნამდვილად არ გვაქვს.

EU-ს კანდიდატი ქვეყნების მშპ:

თურქეთი - $905.9 მლრდ
უკრაინა - $160.5 მლრდ
სერბეთი - $63.5 მლრდ
საქართველო - $24.6 მლრდ
ბოსნია - $24.5 მლრდ
ალბანეთი - $18.9 მლრდ
მოლდოვა - $14.4 მლრდ
მაკედონია - $13.5 მლრდ
მონტენეგრო - $6.1 მლრდ


აქვე, შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, თუ რა არის კანდიდატის სტატუსი და რეალურად რას იძლევა იგი? - ამ სტატუსის გაცემით ევროკავშირი აღიარებს, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია და პოტენციალი, თუმცა ის ამისათვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას ექნება იმის უფლება, რომ ის ევროკავშირს ოფიციალურად შეუერთდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმა, რომლის შემდეგ უკვე მხოლოდ წევრობა მოდის.

გარდა პოლიტიკური აღიარებისა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც იძლევა. ეს სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ ევროკავშირის 11 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთაგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს, ერთ-ერთია Erasmus+.

სადაც სამომავლო პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, იქვე აწ უკვე გაწეული დახმარებაც უნდა გავიხსენოთ. 1992 წლიდან, ანუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მოყოლებული, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი და დონორია.

წლების განმავლობაში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა 6 მილიარდ ლარს აღწევს. გარდა ამისა, ევროკავშირი ქვეყანას ცალკეული პროგრამებით, გრანტებით, შეღავათიანი სესხებითა და ფინანსური ინსტრუმენტებითაც ეხმარება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისათვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს, თუმცა ზეიმამდე ჯერაც ბევრი გვიკლია, რადგან ქართველი ხალხის მიზანი ევროკავშირის წევრობაა და არც კანდიდატობაზე შეჩერება.