ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი, დელფინ პრონკი აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ვიზიტის მიზანი ევროპულ გზაზე საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერის დაფიქსირებაა.
როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრამდე განუცხადა, სამი მთავარი გზავნილი აქვს, რომელიც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტის დროულად შესრულებასაც მოიცავს.
„არა მხოლოდ საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში სამუშაო ვიზიტით ვართ, წარმოვადგენთ ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს ელჩების დონეზე. გუშინ ჩამოვედით სომხეთიდან და სამუშაო ვიზიტს აზერბაიჯანში გავაგრძელებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ გზაზე. შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ახლა ვხვდებით სამოქალაქო საზოგადოებას და დღეს, მოგვიანებით, შევხვდებით ყველა პოლიტიკურ პარტიას. სამი მთავარი გზავნილი გვაქვს. პირველი - გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს იყო ევროკავშირის ლიდერების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, იმის ცოდნის პარალელურად, რომ დავალება უნდა შესრულდეს, სწორედ ესაა მეორე გზავნილი. მესამე - ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთობლივი მიდგომით. თქვენმა მთავრობამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს. მოუთმენლად ველით, რომ საქართველო გადადგამს ნაბიჯებს იმ 9 პუნქტის შესასრულებლად, რომლების იდენტიფიცირებაც ევროკომისიამ მოახდინა. ამისთვის დრო ცოტაა. ვიცით, რომ არჩევნები მოდის“,- თქვა დელფინ პრონკმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციასთან შეხვედრისას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ე.წ. რუსული კანონი იყო.