მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.3%-ით იზრდებოდა - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრმა ვენაში მონაწილეობა მიიღო გავლენიანი გამოცემა Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმში. საქართველოს ეკონომიკური შედეგების შესახებ პრეზენტაციისას ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 5 წელში ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9.3%-ით იზრდებოდა, მცირდებოდა სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოავლინა სხვადასხვა ტიპის შოკების მიმართ; ამავდროულად, მან შეძლო ძლიერი მაკროეკონომიკური და ფუნდამენტური მაჩვენებლების შენარჩუნება.
როგორც მან აღნიშნა,

  • მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალო წლიურმა ზრდამ 5 წლის განმავლობაში შეადგინა 9.3%;
  • მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდა 5 წლის განმავლობაში - 56%;
  • მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე (5 წლის განმავლობაში) 5000-10 000 აშშ დოლარი;
  • ბიუჯეტის დეფიციტი (5 წლის განმავლობაში) შემცირდა 9%-დან 1.4%-მდე;
  • სახელმწიფო ვალი (5 წლის განმავლობაში) 60%-დან შემცირდა 34%-მდე;
  • მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი (5 წლის განმავლობაში) 10%-დან შემცირდა 3%-მდე.


ლაშა ხუციშვილის თქმით, ეს შედეგები მხარდაჭერილია სტრუქტურული რეფორმებით, რაც გულისხმობს გონივრულ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომელმაც უზრუნველყო მაკროეკონომიკური სტაბილურობა და კერძო სექტორის ძლიერი ნდობა.

ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს შორის, ფინანსთა მინისტრმა დაასახელა ტურიზმის სექტორი (რომელმაც პანდემიამდელთან შედარებით, თითქმის 50%-ით მეტი შემოსავალი გამოიმუშავა), საფინანსო სექტორი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორები, მშენებლობისა და ლოგისტიკის სექტორები.

„ეს ის სფეროებია, რომლებმაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი მოიზიდეს. ყოველწლიურად, საქართველოში მობილიზებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6%-ის ფარგლებშია, რაც გაცილებით მაღალია მსოფლიოსა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი EMAAR ჯგუფის 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის.

„ვფიქრობ, ეს ფაქტები და ციფრები ნათელ პასუხს იძლევა იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები