საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა. გაზრდილია იმპორტის მოცულობაც. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოში 45,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6261 ტონა ყავა შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 30,5 მლნ აშშ დოლარის 5926 ტონა. მონაცემების თანახმად, გაძვირება დაახლოებით 40%-ია. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაძვირების ტენდენცია ბოლო წლებია ნარჩუნდება და თუ მიმდინარე წლის მონაცემებს 2023 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, ყავის იმპორტის გაძვირება 80%-საც აღწევს.
საიდან შემოგვაქვს ყავა?
საქართველოსთვის ყავის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზიაა, მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს. ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაუძვირა საქართველოს ყავა. კერძოდ, რუსეთიდან ყავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით გაძვირდა, ინდონეზიიდან კი - 36%-ით.
Top-10 იმპორტიორი ქვეყანა შემდეგია (იანვარ-ოქტომბერი):
- ინდონეზია - 13,2 მლნ აშშ დოლარი, 2623 ტონა
- რუსეთი - 8 მლნ აშშ დოლარი, 864 ტონა
- ვიეტნამი - 6 მლნ აშშ დოლარი, 1193 ტონა
- იტალია - 5,6 მლნ აშშ დოლარი, 384 ტონა
- გერმანია - 3 მლნ აშშ დოლარი, 282 ტონა
- საფრანგეთი - 1,5 მლნ აშშ დოლარი, 101 ტონა
- სომხეთი - 1,37 მლნ აშშ დოლარი, 190 ტონა
- თურქეთი - 1,30 მლნ აშშ დოლარი, 126 ტონა
- ავსტრია - 947 200 აშშ დოლარი, 63 ტონა
- ბრაზილია - 739 700 აშშ დოლარი, 115 ტონა
როგორია ექსპორტი?
საქართველოდან იმპორტთან შედარებით ყავის ექსპორტი მცირეა. თუმცა ზრდა ამ შემთხვევაშიც ფიქსირდება. მიმდინარე წლის ათ თვეში, ქვეყნიდან 2,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 379 ტონა ყავა გავიდა, ხოლო გასულ წელს 1,3 მლნ აშშ დოლარის 244 ტონა. ფასში ზრდა აქაც არის, კერძოდ, ყავის ექსპორტით მიღებული შემოსავალი ქვეყანას 10%-ით გაეზარდა.
ქვეყნები, სადაც ყავა გაგვაქვს:
- სომხეთი - 1,9 მლნ აშშ დოლარი, 364 ტონა
- გერმანია - 213 000 აშშ დოლარი, 5 ტონა
- აშშ - 54 800 აშშ დოლარი, 3 ტონა
- აზერბაიჯანი - 43 100 აშშ დოლარი, 2 ტონა
- თურქეთი - 41 500 აშშ დოლარი, 4 ტონა.




























