მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო ორ თვეში, ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეიკავა თავი უძრავი ქონების შეძენისგან" - კუნელაური

რედკო

დეველოპერული სექტორისთვის 2024 წელი, 2023-თან შედარებით, რთული აღმოჩნდა - ამის შესახებ BMG-სთან "ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი, მალხაზ კუნელაური საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უძრავი ქონების სექტორზეც აისახება.

მისი თქმით, თუ არსებული კრიზისი დროულად არ გადაილახა, ბიზნესს მოუწევს, უარი თქვას საქართველოში ოპერირებაზე.

"გასულ წლებთან შედარებით, ვფიქრობ, კიდევ უფრო რთული წელი იყო 2024, თუმცა ბიზნესმა მეტ-ნაკლებად თავი გაართვა. განსაკუთრებით, ბოლო ორი თვის მოვლენები უფრო რთულად აისახება ბიზნესზე, უფრო მეტ ტურბულენტობას და კრიზისს უქმნის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ სირთულეს გადავლახავთ და პოზიტიური მოლოდინები გვექნება. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ ბიზნესმა უარი უნდა თქვას ამ ქვეყანაში საქმიანობაზე.

წელს იყო აქტიურობა, უბრალოდ წელი იყო საკმაოდ რთული, მეტი გამოწვევები იყო წლის განმავლობაში, გაზაფხულზე არსებული მდგომარეობითაც, ძალიან ნეგატიურად აისახება ყველაფერზე, მაგრამ ბიზნესი ჯერჯერობით ახერხებს ლიკვიდობის შენარჩუნებას. ვფიქრობთ, რომ სწრაფად დასტაბილურდება მდგომარეობა და ბიზნესის ნელ-ნელა დაუბრუნდება იმ აუცილებელ წინაპირობას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, უბრალოდ ვერ იარსებებს, განსაკუთრებით უძრავი ქონების ბიზნესი", - ამბობს კუნელაური.

როგორც დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, 2025 წლის გეგმები უკვე შედგენილია, თუმცა მათ განხორციელებაზე კომპანია მას შემდეგ იფიქრებს, როდესაც ქვეყანაში კრიზისის გამომწვევი მიზეზები აღმოიფხვრება.

"2025 წლისთვის გეგმები გვაქვს, უბრალოდ მათი გადახედვა გარკვეულწილად არსებულმა მოცემულობამ განაპირობა, რადგან დღეს არ გვაქვს სტანდარტული სიტუაცია. ბაზარზე შეიქმნა ერთგვარი გაუგებრობა, და შესაბამისად, ბევრმა, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულმა კლიენტმა, თავი შეიკავა ამ ინვესტიციის განხორციელებისგან. ველოდებით მოვლენების დასტაბილურებას, და როგორც კი არსებული მიზეზები იქნება აღმოფხვრილი, იმ გეგმებს, რომლებიც 2025 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, აუცილებლად განვახორციელებთ.

ბიზნესი ცალკე მდგომი სუბიექტი არ არის, ის თანაარსებობს სახელმწიფოსთან ერთად და არსებითი პოლიტიკური გარემო უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე, ამიტომ ვისურვებდი, რომ 2025 წლიდან ის ტურბულენტობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, სწრაფად დასრულდეს და ბიზნესი დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ რეჟიმს", - ამბობს "ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები