საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სექტემბერში ხორცი და ხორცის პროდუქტებზე ფასი წლიურად 4.1%-ით გაიზარდა. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ მხოლოდ ბოლო ორ თვეში საქონლის ხორცი დაახლოებით 15%-ით არის გაძვირებული. “წერტის” დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი "რედაქტ2"-თან ინტერვიუში მიზეზად შიდა ბაზარზე წარმოქმნილ დეფიციტს ასახელებს, რაც მეხორცული საქონლის ექსპორტზე გაყვანამ განაპირობა.
მისი თქმით, გაციებული საქონლის ხორცი, რომელიც აქამდე 19 ლარი ღირდა, ახლა 22 ლარი და მეტი ღირს.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რაღაც დონეზე იმპორტირებული პროდუქცია აჩერებს ფასების ზრდას. რადგან ნაკლებია ჩვენი წარმოება, იმპორტირებული პროდუქცია რომ არ იყოს, ადგილობრივი ხორცპროდუქტები კიდევ უფრო ძვირი ეღირებოდა. ანუ იმპორტირებული პროდუქტით რომ ვავსებთ ამ დეფიციტს, აქედან გამომდინარე ფასების რაღაც დონეზე დარეგულირება.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართული გაციებული საქონლის ხორცი დაახლოებით 15%-ით არის გაძვირებული, რაც საკმაოდ დიდი ზრდაა ამ მოკლე პერიოდში. ამას დაემთხვა ის, რომ საქონლის დიდი რაოდენობა გადიოდა ექსპორტზე, ამიტომ იმდენად დეფიციტური გახდა მეხორცული საქონელი, ლოგიკურია რომ ფასები გაიზრდებოდა და გაიზარდა კიდეც.
ჩვენ ე.წ ტუშებით ვზომავთ დაკლული, გაციებული ხორცის ფასს. თუ აქამდე იყო დაახლოებით 18,5-19 ლარი, ახლა 22 ლარზეა ასული და რიგ შემთხვევაში უფრო მაღალი ფასიც ფიქსირდება“, - აცხადებს ბიძინა გონაშვილი.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის მდგომარეობით, ხორცის ადგილობრივი წარმოება შიდა მოხმარების მხოლოდ 47%-ს აკმაყოფილებს.




























