ბოლო პერიოდში ხიზილალას მოხმარების ტენდენცია ძალიან გაზრდილია, - ამის შესახებ BM.GE-სთან „გორის ხიზილალას“ თანადამფუძნებელმა, თორნიკე ზარხოზაშვილმა ისაუბრა.
საწარმო გორში 6 წელია ოპერირებს და 10 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ერთი სახეობის ორაგულის ხიზილალას აწარმოებს და მას ონლაინ ყიდის. 250 გრამი ხიზილალას ფასი 35 ლარია, ხოლო 500- გრამიანის 65 ლარი.
„6 წელია ბაზარზე ვართ და წლიურად 6 ტონა ორაგულის ხიზილალას (წითელი ხიზილალა) ვაწარმოებთ. მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. მომხმარებლების დიდი ნაწილი დედაქალაქიდან გვყავს“,- ამბობს ბიზნესმენი.
რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს, კომპანია წელს ოფიციალური საწარმოს სტატუსის მიღებას აპირებს, რის შემდეგაც ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობას გეგმავს. საწარმოს სახელი არ შეეცვლება და კვლავ „გორის ხიზილალას“ ბრენდის ქვეშ გაიყიდება.
ცნობისთვის, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით ზუთხისა და ორაგულის ხიზილალას იმპორტი შეუმცირდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს, საქართველომ $1.5 მლნ-ის 126 ტონა ორაგულის ხიზილალა შეიძინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 0.8%-ით ჩამორჩება. 2023 წელს, ქვეყანას $1.7 მლნ-ის 125 ტონა ორაგულის ხიზილალა ჰქონდა შეძენილი.
რაც შეეხება ზუთხის ხიზილალას, 2024-ში საქართველოს $163 ათასის 0.27 ტონა ხიზილალა ჰქონდა შეძენილი, რაც 2023 წელთან შედარებით 270%-იანი კლებაა. 2023 წელს, ქვეყანამ $182 ათასის 1 ტონა ხიზილალა შეიძინა.